მთავარიამერიკააშშპანდემიის დაწყებიდან აშშ-ში საქველმოქმედო ორგანიზაციები 60 მილიონ ადამიანს დაეხმარნენ

პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში საქველმოქმედო ორგანიზაციები 60 მილიონ ადამიანს დაეხმარნენ

მსოფლიოში ნედლეულისა და პროდუქტის მიწოდებასთან დაკავშირებული კრიზისი არაერთი ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა. გამონაკლისი არც შეერთებული შტატებია, სადაც, ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრების თქმით, საკვები პროდუქტები 3-ჯერ არის გაძვირებული. შესაბამისად, მოსახლეობა საქველმოქმედო ორგანიზაციებს მიმართავს საკვები პროდუქტების მისაღებად. ბოლო ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 60-მა მილიონმა ამერიკელმა ისარგებლა ამ დახმარებით.

ამერიკის შეერთებული შტატების სასურსათო საქველმოქმედო ორგანიზაციებში ფიქრობენ,  რომ მიმდინარე წლის ბოლო კვირებში ისინი ვეღარ შეძლებენ ხალხის  მოთხოვნის დაკმაყოფილებას. მიზეზი კი პანდემიის გამო შექმნილი კრიზისი  და მიწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზებია. ამ პრობლემების გამო  მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ეკონომიკა უკვე საგრძნობლად დაზარალდა.

საქველმოქმედო ორგანიზაციის “გამოკვებე ამერიკა“ პრეზიდენტი კეიტ ფიცჯერალდი აღნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით, პროდუქტებზე ფასები 2-ჯერ ან 3-ჯერ არის მომატებული.  პანდემიიის დაწყებიდან შეერთებულ შტატებში საქველმოქმედო ორგანიზაციები 60 მილიონ ადამიანს უზრუნველყოფდნენ საკვები პროდუქტებით. მისი თქმით, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი წვალობს, რომ ოჯახი გამოკვებოს.

ერთ-ერთი მოქალაქე იტა ესპინოზა ამ ორგანიზაციაში იმიტომ მოდის, რომ ოჯახისთვის საკვები სჭირდება. როგორც თავად ამბობს,  მაღაზიებში ყველაფერი ძალიან ძვირია. მას კი არ აქვს საკმარისი თანხა, რომ პროდუქტები შეიძინოს.

მაღალი ფასები მრავალი ადამიანისა და ოჯახის სამომხმარებლო კალათაზე აისახება. ახლოვდება  მადლიერებისა და შობის დღესასწაულები,  მოსახლეობა კი ხელმომჭირნედ ხვდება ამ დღესასწაულებს.

ამერიკელი ინდიელების საბჭოს წევრი მართა ჰასალი ამბობს, რომ წელს მადლიერების დღისთვის გაწყობილი სუფრა ყველაზე ძვირი იქნება. ხალხი ინდაურსაც ვეღარ იყიდის ძველ ფასად. თუმცა ყველამ იცის, რომ   ინდაურის გარეშე ეს დღესასწაული წარმოუდგენელია.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდეს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მსოფლიოში მიწოდებასთან დაკავშირებული კრიზისის აღმოფხვრას რამდენიმე თვე დასჭირდება. ამასობაში კი ბაზარზე ფასები მიწოდებისა და მოთხოვნის შესაბამისად შეიცვლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend