8 ნოემბერს გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავღანეთში 8.7 მილიონამდე გაიზარდა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ან არასრულფასოვნად იკვებებიან, ან საერთოდ არ აქვთ საკვები და შიმშილობენ. ეს რიცხვი გასულ წელს 3 მილიონით ნაკლები იყო.
ამ მოქალაქეთა შორის არიან ბავშვებიც, რომლებიც საკვების უკმარისობის გამო ქაბულის ინდირა განდის საავადმყოფოში მკურნალობენ.
„უკვე ორი-სამი თვეა, მოშიმშილე პაციენტთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. როდესაც მათ მშობლებს ვეკითხები, ყველა მათგანი სიღარიბესა და საკვების არ ქონას უჩივის“, – ამბობს ქაბულის ინდირა განდის საავადმყოფოს მედდების დირექტორის ასისტენტი ზია მოჰამედი.
მთლიანობაში, ავღანეთში მოსახლეობის 60%, ანუ თითქმის 24 მილიონი ადამიანი შიმშილობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ძლიერი გვალვაა, თუმცა გარდა ამისა, ხალხის დიდ ნაწილს საკვების შეძენა არ შეუძლია.
„დღეს საკვების უკმარისობის გამო საავადმყოფოში 18 პაციენტი დაგვემატა. 1-2 საათში მათი რაოდენობა სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება“, – ამბობს ზია მოჰამედი.
ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია. მოქალაქეები ხელფასებს ვერ იღებენ. აგვისტოში, მას შემდეგ, რაც „თალიბანმა“ ძალაუფლება მოიპოვა, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
„ჩვენთან სამედიცინო დაწესებულებები არ არის, ამიტომ აქ ჩამოსვლა მოგვიწია. საავადმყოფოში დროულად ვერ მივედით. დროზე რომ მივსულიყავით, ეს პრობლემა არ შეგვექმნებოდა“, – ამბობს ერთ-ერთი პაციენტის მამა მოჰამად ნაიმი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისევე, როგორც დასავლეთის სხვა ქვეყნებმა, ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუწყვიტეს. ამის გამო მილიონობით ავღანელს უკვე თვეებია, ხელფასი არ აუღია.
მსოფლიო სასურსათო პროგრამაში ასევე განაცხადეს, რომ შიმშილის პირას მყოფი ადამიანების რიცხვი 43 ქვეყანაში 45 მილიონამდე გაიზარდა, წლის დასაწყისში კი მათი რაოდენობა 42 მილიონი იყო.