დანიის მთავრობა კოვიდპასპორტების აღდგენას გეგმავს. ორი თვის წინ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო ქვეყანის მთავრობამ ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა. თუმცა, უკვე რამდენიმე დღეა, ქვეყანაში დღიურად 2,000-ზე მეტი შემთხვევაა, რაც სექტემბრის მონაცემებთან შედარებით, როდესაც დღიურად მხოლოდ 200 ინფიცირებული იყო, ძალიან გაზრდილი მაჩვენებელია.
„ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მომდევნო კვირებში ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ქვეყანაში გრიპის სხვა სახეობებიც არის გავრცელებული. ჯანდაცვის ეროვნული საბჭოს შეფასებით, საავადმყოფოები უფრო მეტად გადაიტვირთება, ვიდრე კოვიდის წინა ტალღებისას იყო“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეთე ფრედერიქსენმა.
შვეიცარიაში მასშტაბური კამპანია დაიწყო. მთავრობა მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს. პროექტი, სახელწოდებით, „ვაქცინაციის კვირეული“, 14 ნოემბრამდე გრძელდება და მისი მიზანია, მეტი მოქალაქე წაახალისოს, რომ ვაქცინირებულთა რაოდენობა გაიზარდოს. შვეიცარიაში მოსახლეობის მხოლოდ 61 პროცენტია სრულად აცრილი, რაც ევროპულ საშუალო მაჩვენებელს ჩამორჩება.
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში კოვიდშეზღუდვები შემსუბუქდა, მოსახლეობა სამსახურებს დაუბრუნდა. თუმცა საზოგადოებრივ სივრცეებსა და მაღაზიებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა, რასაც პოლიცია მკაცრად აკონტროლებს.
საფრანგეთში პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კოვიდსტატისტიკის შესახებ განცხადებას გააკეთებს. აგვისტოს შემდეგ, საფრანგეთში ჰოსპიტალიზებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, შესაბამისად, პრეზიდენტი აპირებს, რომ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდოს.