მთავარისაქართველოსაქართველოში "მწვანე საშვის" პრინციპი პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება

საქართველოში “მწვანე საშვის” პრინციპი პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება

კვების ობიექტები, კონოთეატრები, ფიტნესდარბაზები და სასტუმროები, ეს იმ დაწესებულებების არასრული ჩამონათვალია, რომლებში შესვლასაც პირველი დეკემბრიდან 18 წელს ზემოთ მოქალაქეები მხოლოდ კოვიდბარათის „მწვანე სტატუსით“ შეძლებენ. დაწესებულებათა სრული ჩამონათვალი კი ასეთია:

„პირველი დეკემბრიდან მხოლოდ „მწვანე საშით“ იქნება შესვლა შესაძლებელი: კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა

კოვიდბარათის მწვანე სტატუსით ისარგებლებს ყველა, ვისაც ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული, ან ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული პისიარტესტის, ან ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი ექნება.  ასევე კოვიდ ბარათის მწვანე სტატუსით ისარგებლებს ნებისმიერი, ვისაც კორონავირუსი აქვს გადატანილი. მათ შორის ისინიც ვინც ვირუსი გასულ წელს გადაიტანა, იმის მიუხედავად, რომ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში რეინფიცირების არაერთი შემთხვევაა გამოვლენილი. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, „მწვანე ბარათი“ წარმატებით იმუშავებს ქალაქებში, თუმცა სოფლებში ეს ნაკლებად სავარაუდოა.

„კონტროლი და აღსრულების ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი აზრს კარგავს. შრომის ინსფექტირების სამსახური პირველ დეკემბრამდე გაივლის ყველა შესაძლო მექანიზმს, იმისათვის, რომ აღსრულება იყოს სათანადო“, ამბობს თამარ გაბუნია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

8 ნოემბერს გამართული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა პენსიონერი, რომელიც პირველ იანვრამდე აიცრება, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს. დანამატს პენსიონერს პირველივე დოზის გაკეთების შემდეგ მისცემენ. საქართველოში 60 წელს გადაცილებული სულ 796 ათასი პირია, მათგან მხოლოდ 276 ათასი არის ვაქცინირებული.

„საქართველში ლეტალური შემთხვევების 85%-ში ინფიცირებული სწორედ 60 წელს გადაცილებული იყო. დღეისათვის ქვეყანაში ამ ასაკობრივი ჯგუფის მხოლოდ 34,7%-ია სრულად აცრილი. ანუ დაახლოებით ნახევარი მილიონი პირი, ამ ასაკობრივი ჯგუფიდან არ არის აცრილი. ვფიქრობ, რომ დღევანდელი საბჭოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება  სწორედ ეს 200 ლარიანი დანამატია პენსიონერთათვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის აუცილებელია  სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება, თუმცა საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხს არ განიხილავს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი არ იზიარებს მედიცინის ექსპერთა ნაწილის რეკომენდაციას.

„ჩვენ ვაქცინაცის სავალდებულოს არ გავხდით. არც ახლაა სავალდებულო და არც იქნება. ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ და განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია პანდემიის დასრულების გამოსავალია. აუცილებლად უნდა ავუხსნათ მოქალაქეებს, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სასურსათო მაღაზიებსა და იმ სერვისებში, რომლებიც ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რომლის გარეშეც ყოველდღიური ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია, „მწვანე ბარათის“ სისტემა არ ამოქმედდება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend