ვინც ბოლო წლებში პარალიმპიურ თამაშებს თვალს ადვენებდა, აუცილებლად სმენია ტერეზა პერალესის სახელი, რომელიც ესპანეთის ყველაზე წარმატებული პარაოლიმპიელია, მას თავისი კარიერის განმავლობაში 27 მედალი აქვს მოპოვებული.
მას შემდეგ, რაც 19 წლის ასაკში ორივე ფეხი დაკარგა და ცურვის ლეგენდარული ოსტატი გახდა, ტერეზა მრავალი ადამიანისთვის გახდა მისაბაძი მაგალითი. სპორტის დარგში ასტურიის პრინცესას ფონდის ჯილდოს მიღების შემდეგ ტერეზამ „ევრონიუსს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
ევრონიუსი
ტერეზა და მადლობას გიხდი, რომ სტუმრად გვეწვიეთ. საიდან მოდის ეს თქვენი შეუპოვრობა და შინაგანი ძალა?
ტერეზა პერალესი, პარალიმპიური თამაშების გამარჯვებული:
„ეს ძალა შიგნიდან მოდის….ეს მოტივაციაა. ძალიან ადვილია, როდესაც მოტივაციას სხვები გაძლევენ, როდესაც გეუბნებიან – მიდი, ტერეზა, შენ ეს შეგიძლია! მაგრამ თუ მარტო ვარჯიშობ და ირგვლივ არავინ გყავს, ვინც გაგამხნევებს, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ შინაგანი ძალა იპოვო და გააცნობიერო, ამას რატომ აკეთებ. მე იმიტომ ვაკეთებ, რომ მომწონს და მიყვარს შეჯიბრება, მიყვარს, როდესაც ვიმარჯვებ და ყოველთვის ვოცნებობ, მქონდეს ამის შესაძლებლობა.“
რამდენიმე წლის წინ თქვენ დაწერეთ წიგნი, რომელსაც „ ოცნების ძალა“ ჰქვია. ამ წიგნში მხოლოდ ფიზიკურ წვრთნაზე კი არ საუბრობთ, არამედ სულიერზეც. შეგიძლიათ ემოციების მართვა?
ტერეზა პერალესი, პარალიმპიური თამაშების გამარჯვებული:
„რასაკვირველია. ეს არსებითი საკითხია, განსაკუთრებით სპორტსმენებისთვის. უნდა დაფიქრდე იმაზე, რომ ცხოვრების 4 წელს შესაძლოა მხოლოდ 30 წამს უძღვნი, ზუსტად ამდენ ხანს გრძელდება შეჯიბრება. საკუთარი ემოციების მართვა, განსაკუთრებით შიშის, სტრესისა და პანიკის, ძალიან რთულია და ამის კეთება ყოველდღე გიხდება მრავალი წლის განმავლობაში. ემოციების მართვის მრავალი გზა და მეთოდი არსებობს, ყველა იმ მეთოდს მიმართავს, რომელიც ყველაზე უკეთ გამოსდის. მე ჩემს მეთოდზე ათენის შემდეგ ვმუშაობ და სიმართლე თუ გინდათ, საკამოდ კარგად გავართვი თავი, ამაზე ჩემი შედეგები მეტყველებს.“
19 წლის ასაკში თქვენი ცხოვრება სრულიად შეიცვალა, მაგრამ თქვენ მოახერხეთ ფეხზე დადგომა. რას ეტყოდით იმ ახალგაზრდას, რომელიც იმავე პრობლემის წინაშე დგას?
ტერეზა პერალესი, პარალიმპიური თამაშების გამარჯვებული:
„ვეტყოდი, რომ მას მთელი ცხოვრება წინ აქვს, საბედნიეროდ, ცხოვრება გრძელდება. ვეტყოდი, რომ სხვაგვარად მოქცევა უნდა ისწავლოს, რაც ზოგჯერ ძალიან რთულია. გგონია, რომ უკვე სამყაროს დასასრული დადგა და ეს შეუძლებელია, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია, არა? ეს ნებისყოფის საკითხია და მე სულ ვამბობ, რომ შეუპოვრობას მთების გადადგმა შეუძლია. ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ისეთი რამის გაკეთება მომიხდა, რაზეც ქუჩაში მიმავალი გამვლელი არც კი დაფიქრდება. თავს ძალას ვატანდი, რადგან ასე მსურდა და ჩემი ეტლიც თან მომდევდა. არც ეტლი და არც ჩემი შეზღუდული შესაძლებლობები არასოდეს ყოფილან ჩემი, როგორც პიროვნების განმსაზღვრელი ფატქორებ. ეტლი უბრალოდ ჩემი კომპანიონია, რომელსაც ყველგან თან დავატარებ.“
რატომ აირჩიეთ ცურვა?
ტერეზა პერალესი, პარალიმპიური თამაშების გამარჯვებული:
„იმიტომ, რომ ეს უფრო იაფი იყო, ვიდრე მძლეოსნობა! მძლეოსნობა ძალიან მომწონდა, სიჩქარეს და ეტლით რბოლას რომ ვუყურებდი. ამისთვის სპეციალური ეტლები არსებობს, მაგრამ ეს ბევრად უფრო ძვირი იყო, ვიდრე ცურვა. თანაც ზაფხულში, როდესაც მაშველი ჟილეტით ვცურავდი და პირველ მოძრაობებს ვაკეთებდი, მივხვდი, რომ მომწონდა ტივტივი. მომეწონა წყალში თავისუფლების განცდა, როდესაც ვმოძრაობდი და შემდეგ, როდესაც აუზში ჩავედი, ვთქვი, „მინდა ცურვა ვისწავლო.“ მე უბრალოდ მსურდა, ცურვა კარგად მესწავლა, არ ვაპირებდი შეჯიბრებაში მონაწილეობას, მაგრამ ერთი მეორეს მიჰყვა და საბოლოო ჯამში შევამჩნიე, რომ წამმზომი უფრო და უფრო ადრე ჩერდებოდა, მე კი ეს მომწონდა. ამიტომ შეჯიბრება დავიწყე.“
ოდესმე გიფიქრიათ ცურვის მიტოვება?
ტერეზა პერალესი, პარალიმპიური თამაშების გამარჯვებული:
„კი ბევრჯერ…ძალიან ბევრჯერ! მრავალი წელი ვვარჯიშობდი, 24 წელი ვიღებდი შეჯიბრებაში მონაწილეობას. ამიტომ ნორმალურია, როცა ასეთი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არის წუთები, როდესაც ყველაფრის მიტოვება გინდა, რადგან გგონია, მეტი აღარ შეგიძლია, მეტს ვეღარ გააკეთებ, რომ ეს ძალიან ძვირი გიჯდება. მით უმეტეს, როდესაც დედა ხარ და თან ვარჯიშობ. ხანდახან შენი პროფესიული ცხოვრება მეტისმეტად გითრევს და იყო ისეთი მომენტები, როდესაც მქონდა თავის დანებების ცდუნება, მაგრამ საკმარისი იყო, უკან მომეხედა და იმ შესანიშნავ წუთებზე დავფიქრებულიყავი, რომლებიც შეჯიბრების დროს განმიცდია, რომ მეთქვა – ვერ წავალ, ისევ ვაგრძელებ.“
როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახსა და სპორტს?
ტერეზა პერალესი, პარალიმპიური თამაშების გამარჯვებული:
„გუგლის კალენდრის დახმარებით! ყოველთვის უნდა გავითვალისწინო ჩემო ოჯახის კალენდარი, დამატებითი მეცადინეობის კალენდარი, სასკოლო კალენდარი, ჩემი მეუღლის სამუშაო კალენდარი, ჩემი შეჯიბრებების კალენდარი, ჩემი ვარჯიშის კალენდარი, ჩემი სამსახურის კალენდარი. ეს ცოტა არ იყოს რთულია, მაგრამ ამის გაკეთება შესაძლებელია, თუ კარგად ხარ ორგანიზებული, საბოლოო ჯამში დროს ყველაფრისთვის იპოვი“.
წელს ასტურიის პრინცესის ფონდის პრემია მოგანიჭეს სპორტის დარგში. არის ეს თქვენი ახდენილი ოცნება?
ტერეზა პერალესი, პარალიმპიური თამაშების გამარჯვებული:
„ეს ნამდვილად ახდენილი ოცნებაა! მე თითქოს მარადიული კანდიდატი ვიყავი! მრავალი წლის განმავლობაში მასახელებდნენ ამ პრემიის კანდიდატად და ბოლოს დამაჯილდოვეს. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, რადგან არ ვიცოდი ეს ამბავი. როდესაც დამირეკეს და ჩემს მობილურზე უცხო ნომერი დავინახე, ვიცოდი, რომ იმ დღეს ჟიურის წევრები იკრიბებოდნენ გადაწყვეტილების მისაღებად და იმ წუთას გავიფიქრე, რომ ახლა ისინი ალბათ გამარჯვებულებს ურეკავენ-მეთქი. ტელეფონს ვუპასუხე და მესმის: ტერეზა, ასტურიის პრინცესას ფონდიდან გირეკავ… და გულმა ბაგაბუგი დაიწყო.“
ტერეზა პერალესი მუდამ იღიმის?
ტერეზა პერალესი, პარალიმპიური თამაშების გამარჯვებული:
„ არ ვიღიმი… ალბათ მხოლოდ მაშინ, როცა მძინავს! სერიოზულად თუ ვიტყვი, სახიდან ღიმილი არასოდეს უნდა წაიშალო. ღიმილი ლამაზია და თან გადამდები. როდესაც ვინმეს უღიმი, ისიც გიღიმის და ასე მგონია, თითქოს ვინმე დაასაჩუქრე.
დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. 2024 წელს პარიზის თამაშებზეც გიხილავთ?
ტერეზა პერალესი, პარალიმპიური თამაშების გამარჯვებული:
„პარიზი სულ ჩვენია.“
ავტორი: ენდი რობინი