2022 წლიდან საქართველოში მოძრავი ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის შემადგენლობის ახალი სტანდარტები შევა ძალაში. კერძოდ, პირველი იანვრის შემდგომ ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები დოზა, რაც ამჟამად მთლიანი მოცულობის მაქსიმუმ 0.6%-ს შეადგენს, გახდება 0.5% და 0.3%. ავტომობილები, რომლებიც ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებენ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მიერ დახარვეზდებიან. გასულ და მიმდინარე წლებში CO-ს დასაშვები ზღვარი ასე გამოიყურებოდა – 2020 წელს 0,7%, 2021 წელს კი – 0,6%.
სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1 ივლისიდან საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება ამოქმედდა. ყოველ წელს სტანდარტი უფრო მკაცრდება, რაც საკმაოდ მოძველებული ავტოპარკის მქონე ქვეყანაში, ავტომობილების მფლობელებს დამატებით ტვირთად აწვება, თუმცა ეკოლოგიის გაუმჯობესებისა და უსაფრთხო გადაადგილებისთვის ეს გზა აუცილებელი წინაპირობაა. ტექინსპექტირების ერთ-ერთ ცენტრში, სადაც ავტომიბილების სრული შემოწმება და ლიცენზირება მიმდინარეობს, ამბობენ, რომ თუ აქამდე ავტომობილების დაახლოებით 40% ხარვეზდებოდა, ამ ახალი რეგულაციით დახარვეზებული ოთხბორბლას რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, რაც მოქალაქეების რთული სოციალური მდგომარეობისთვის დამატებითი ტვირთი იქნება. თუმცა, სექტორი დროში გაწერილი საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფის შემთხვევაში, რეგულაციების ეტაპობრივად შემოღების მომხრეა.
„ვინაიდან ავტომფლობელებს არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია და სახელმწიფოს მხრიდან არ იყო უზრუნველყოფილი შესაბამისი საინფორმაციო კამპანია, ჩვენი ავტოპარკი ამ ცვლილებას მოუმზადებელი ხვდება. ჩვენი ვარაუდით, ავტომობილების ნახევარზე მეტი, პირველადი ავტოინსპექტირების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ და დახარვეზდებიან. ჩვენი აზრით, ავტოპარკის თვისობრივად გაუმჯობესებაა მნიშვნელოვანი, რისთვისაც სახელმწიფომ ავტომფლობელებს უნდა შესთავაზოს გარკვეული საშეღავათო და მასტიმულირებელი პროგრამები, რისი საშუალებითაც მოხდება ძველი, ამორტიზებული ავომობილების შედარებით ახლით ჩანაცვლება. მხოლოდ რეგულაციების გამკაცრება მიზნამდე ვერ მიგვიყვანს“, – აცხადებს კომპანია „გრინვეი საქართველო“-ს დირექტორი ვახტანგ ებიტაშვილი.
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, უსაფრთხო გადაადგილებისა და ქვეყნის ევროსტანდარტებთან დაახლოებისთვის, რეგულაციების გამკაცრების მომხრეები არიან ტექინსპექტირების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. თუმცა, სპეციალისტები მიიჩნევენ რომ ყველაფერი მხოლოდ მოსახლეობისთვის ტვირთად დაწოლის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
„იმის გამო, რომ საქართველოში საკმაოდ მოძველებული ავტოპარკი გვაქვს და ქუჩაში ავტომობილების უმეტესობა ამორტიზებული ტექნიკური მდგომარეობით გადაადგილდებიან, რაც არამხოლოდ გარემოს აზიანებს, არამედ ფიზიკურად არის საშიში, ამ ახალი რეგულაციის წყალობით, ჩვენი კვლევის შესაბამისად, ნახევარზე მეტი დახარვეზდება. მოთხოვნების სიმკაცრე აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ სოციალურად ისედაც გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე. თუ მოქალაქეებს მეტი ფინანსური საშუალება ექნება, ან კონკრეტული აქციები განხორციელდება, არამგონია ვინმე წინააღმდეგი იყოს ძველი ავტომობილის ახლით ჩანაცვლების“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილი.
სპეციალისტების თქმით, კიდევ ერთი პრობლემა, რაც ტექინსპექტირებას მოჰყვა, ეს არის ე.წ. კატალიზატორებისა და სხვა ავტონაწილების მასიური ქურდობა, შემდეგ შავ ბაზარზე ჩაბარება და იჯარით გაცემა იმ ავტომობილებისათვის, რომელიც სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ნაქირავები ავტონაწილებით ცენტრებში მიყვანილი მანქანები ტექდათვალიერებას წარმატებით გადიან, იღებენ ლიცენზიას. ქუჩაში გასვლის შემდეგ კი ისევ გარემოს მომწამვლელ და საშიშ ავტომობილებს ვხედავთ, რისი მონიტორინგისა და აღკვეთის უფლება პოლიციას ჯერ არ აქვს.
„მოქმედი რეგულაციებით, ქუჩაში როცა გადაადგილდება ისეთი ავტომობილი, რომელიც გარემოს მომწამვლელი კვამლით ხრჩოლავს, პატრულს, პოლიციას არ აქვს ზედამხედველობისა და აღკვეთის უფლება. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამ უფლებამოსილებით იყოს აღჭურვილი პატრული. ვინაიდან, არაკეთილსინდისიერი ავტომფლობელები ხშირად მიმართავენ გარკვეულ მანიპულაციებს. კერძოდ, იჯარით აღებული ავტონაწილებით ჩვენს ცენტრებში გადიან ტექდათვალიერებას. შემდეგ კი ქუჩაში გადაადგილებისას, ისევ იგივეს ვხედავთ. საერთოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს გარკვეული ჩამოყალიბებული, გაწერილი გეგმა რეგულაციების ეტაპობრივად გამკაცრებისათვის, რაც დღეს სამწუხაროდ არ გვაქვს“, – აღნიშნავს ვახტანგ ებიტაშვილი.
საქართველოში ამ დროისთვის სულ დაახლოებით მილიონ 400 000 ავტომობილია რეგისტრირებული. მათგან სრულიად ახალი 3%-ია. ავტოპარკის დიდი ნაწილი ექსპლოატაცია გასულ და დიდი ხნის წინ ამორტიზებულ მანქანებს უჭირავთ. ეკონომისტების თქმით, ეს მოსახლეობაში არსებული სოციალური პრობლემების დამსახურებაა, რადგან არავის აქვს სურვილი, ეკონომიკური შესაძლებლობის შემთხვევაში, ძველი და მისთვისაც საშიში ავტომობილი მართოს.
ალეკო გვეტაძე