4 ნოემბერს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ ელჩების მისამართით გავრცელებულ კრიტიკას, მოსამართლეთა ნაწილი არ იზიარებს.
საუბარი ეხება განცხადებას, სადაც გადაჭარბებულად არის შეფასებული ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის გამო. მოსამართლეთა ნაწილი აცხადებს, რომ ემიჯნებიან ამ განცხადებას.
„ყველაზე მეტად ვინც ამ საქმეში, ჩვენს გაძლიერებაში შეიძლება წვლილი შეიტანოს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან. მათი ძალისხმევით, წლებია ვცდილობთ ისეთი სასამართლო შევქმნათ, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა ექნება. ნდობისა და პატივისცემის გარეშე კი კანონის დაცვაც ფიქცია ხდება. ამიტომ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოსამართლეებმა ვესაუბროთ ამ პათოსით, ნიშნავს დაკარგულ შანსს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მოსამართლე ამ შანსს ქვეყანას არ დაუკარგავს. შესაბამისად, ვემიჯნები ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ვისურვებ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა დაუღალავად განაგრძონ ჩვენი განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა“, – წერს ქეთევან მესხიშვილი.
„უკვე ათეულობით წლებია, საქართველოს ნამდვილი მეგობრები – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უანგაროდ გვეხმარებიან საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილი, ყოველგვარი შიდა და გარე ზეგავლენისგან თავისუფალი, ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის შენებაში, რაც ასე აუცილებელია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის! ამიტომ მე, როგორც ერთი რიგითი მოსამართლე, მადლიერი ვარ მათი ასეთი თანადგომის და მხარდაჭერის. რა თქმა უნდა, ვემიჯნები ადმინისტრაციული კომიტეტის ამგვარი შინაარსის წერილს“, – წერს ლევან დარბაიძე.
31 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მომდევნო დღეს, მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართა. ამ კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩეს. ეს ფაქტი მკაცრად გააკრიტიკეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და ამერიკის საელჩომ. მათ ამ პროცესს გაუმჭვირვალე და ნაჩქარევი უწოდეს. ამ ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა.
„დღეს ჩვენ, ჩვენი გაცხადებული მიზნებიდან გამომდინარე გვევალება დროული და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ევროპის გზაზე, რასაც ჩვენი პარტნიორებიც მოუთმენლად ელოდებიან ჩვენგან. ამ კუთხით კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს. როცა ვიცით, რა სიმბოლური ადგილი უჭირავს სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამომავლო სასამართლო რეფორმის გაგრძელების კუთხით და რაოდენ ყურადღებას იქცევს მისი შემადგენლობა, თუ მისი მიუკერძოებლობა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
სასამართლო რეფორმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ერთ-ერთი საკვანძო საკითხიცაა. ამ დოკუმენტში წერია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა.
ანა ალელიშვილი