კომპანია BIONTECH-ის დამფუძნებლებმა უღურ შაჰინმა და იოზლემ თიურეჯიმ მსოფლიოში პირველი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა შექმნეს. მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში შეტანილი წვლილისთვის ამ მეცნიერთა წყვილს ახლახან ესპანეთის ყველაზე საპატიო ჯილდო – ასტურიის პრინცესის პრემია გადაეცა. „ევრონიუსი“ ესაუბრა წყვილს მიღწეულ წარმატებასა და „მეცნიერთა სუპერჯგუფის“ შექმნაზე, ასევე ჰკითხა, კიდევ რას გეგმავენ ისეთს, რაც მსოფლიოს შეცვლის.
ევრონიუსი
უპირველეს ყოვლისა, მინდა, მოგილოცოთ ჯილდო. რას გრძნობთ ამასთან დაკავშირებით?
იოზლემ თიურეჯი, BIONTECH-ის თანადამფუძნებელი:
„ეს დიდი პატივია ჩვენთვის და უზომოდ გვიხარია, რადგან ეს ძალიან პრესტიჟული ჯილდოა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის ეძღვნება ყველაფერს, რაც კი კაცობრიობას ემსახურება.“
რას ეტყოდით იმ ხალხს, რომელსაც ჯერ ვერ გადაუწყვეტია აცრა?
უღურ შაჰინი, BIONTECH-ის თანადამფუძნებელი:
„ჩემი აზრით, ერთი მხრივ, უნდა მოვუსმინოთ, რა აწუხებთ, რადგან ირგვლივ უამრავი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება და ხალხი შფოთავს, აღარ იცის, ვის ენდოს. ამიტომ ჩვენი ვალია, მათ ინფორმაცია მივაწოდოთ. თავის მხრივ, საზოგადოების თითოეული წევრის ვალია, რომ ერთმანეთთან ჰქონდეთ კომუნიკაცია. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ, ვინც მიიღეს ვაქცინა და კარგად აიტანეს, ისაუბრონ ამაზე. საზოგადოების წევრები უნდა გავერთიანდეთ, რათა სხვადასხვა რეალობაში არ აღმოვჩნდეთ.“
დაახლოებით ერთი წლის წინ გვესმოდა, რომ შეუძლებელია, ვაქცინა ასე რეკორდულად მოკლე დროში შეიქმნას. და მაინც, თქვენ ეს შეძელით. შეგიძლიათ ვაქცინის მიმართ უნდობლად განწყობილი ადამიანების შიშის გაგება?
იოზლემ თიურეჯი, BIONTECH-ის თანადამფუძნებელი:
„რა თქმა უნდა, ჩვენ ეს კარგად გვესმის. და ეს მხოლოდ ვაქცინასთან დაკავშირებით არ ხდება. ეს სავსებით ბუნებრივი რეაქციაა, რომ ხალხს სურს თავიდანვე იცოდეს, რა ხდება. იმის გამო, რომ ირგვლივ უამრავი ინფორმაციაა, ძალიან რთულია მისი დახარისხება. ჩვენ ექიმები ვართ. საქმე გვქონია, მაგალითად, კიბოთი დაავადებულ პაციენტებთან და თითოეული მათგანის მკურნალობის დროს იმავე კითხვებს გვისვამდნენ: „რას მომცემს მკურნალობის ეს კურსი? ხომ არ მავნებს?“ ხალხს სურს, იცოდეს, რა შეიძლება დაემართოს მათ სხეულს. ამიტომ ეს ბუნებრივია.“
უღურ შაჰინი, BIONTECH-ის თანადამფუძნებელი:
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა იცოდნენ – ვაქცინა ერთ წელიწადში არ შექმნილა. ეს ვაქცინა 30-წლიანი კვლევის შედეგია. ეს შეიძლება შევადაროთ მარათონის მონაწილეს, რომელიც მთელი ცხოვრება ემზადებოდა ამ გარბენისთვის. ის სრულად მომზადებულია, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დაფაროს მანძილი და პანდემიას აჯობოს. ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ამ ვაქცინის უკან 30-წლიანი მეცნიერული კვლევა დგას.“
მოდით, ახლა ცოტა სიღმეშიც ჩავიხედოთ, რას წარმოადგენს საინფორმაციო RNA, რომელზეც იმუშავეთ. კიდევ სად გამოგვადგება ეს?
იოზლემ თიურეჯი, BIONTECH-ის თანადამფუძნებელი:
„საინფორმაციო ერ-ენ-ემის [Messenger RNA] გარდატეხის მოხდენა შეუძლია. ერ-ენ-ემი MRNA უძველესი საინფორმაციო ტექნოლოგიაა, რომელიც ბუნებამ შექმნა. შეგიძლია, ინფორმაცია გადასცე უჯრედებს. შეგიძლია სხეულის სხვადასხვა უჯრედს უთხრა, როგორ მოიქცეს. ეს ნიშნავს, რომ ამის გამოყენება ყველაფერში დასაშვებია. ეს არის ხელსაწყოების ნაკრები, რომლიდანაც იმ იარაღს არჩევ, რომელიც ამა თუ იმ დაავადების მექანიზმისთვის გჭირდება.
ერთადერთი დაბრკოლება ის არის, რომ უნდა მიხვდე, რა დაავადებასთან გაქვს საქმე და რა ტიპის ინფორმაცია უნდა გადასცე. როგორც კი ამას გაიგებ, შეგიძლია ერ-ენ-ემი გამოიყენო კიბოს, ავტოიმუნური დაავადებების, ალერგიის წინააღმდეგ. და ჩვენ ვმუშაობთ როგორც ამ ყველა ჩამოთვლილ, ისე სხვა დაავადებებზეც.“
რა იქნება თქვენი შემდეგი სამიზნე? მაგალითად, მალარიის თუ კიბოს განკურნება?
უღურ შაჰინი, BIONTECH-ის თანადამფუძნებელი:
„ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა დაავადებაზე ვიმუშაოთ. ერთი მხრივ, გვსურს ერ-ენ-ემის ტექნოლოგია ისეთ დაავადებათა დასამარცხებლად მივმართოთ, რომლებიც კაცობრიობას საუკუნეზე მეტია აწუხებს. მაგალითად, ტუბერკულოზი და მალარია. ასევე შიდსის მსგავსი დაავადებები, რომლებიც ჯერჯერობით უკურნებელია. ეს არის ერთი მიმართულება და ვაქცინის შესაქმნელად უკვე დავიწყეთ პროგრამები. მეორე მხრივ, ვაგრძელებთ მუშაობას კიბოს მიმართულებით, რომ შევქმნათ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც პაციენტის იმუნურ სისტემას დაეხმარება, ებრძოლოს სიმსივნეს.
ახლა, როდესაც მილიარდერები ხართ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრების სტილი?
იოზლემ თიურეჯი, BIONTECH-ის თანადამფუძნებელი:არაფერი შეცვლილა. ამას ჩვენი ცხოვრების სტილზე არ უმოქმედია. ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს ის ფაქტი, რამდენად შეგვიძლია რაღაც დიდი იდეის განხორციელებაში შევიტანოთ წვლილი. და ამის მონეტიზაცია არ ხდება. ამიტომ ჩვენი ცხოვრების სტილი უცვლელია.
მაგრამ ახლა უფრო არ გეხალისებათ დილით ადგომა და სამუშაოდ წასვლა?
იოზლემ თიურეჯი, BIONTECH-ის თანადამფუძნებელი:
რასაკვირველია, ეს ნამდვილად გვაძლევს მუხტს ჩვენი კვლევისა და ახალი მიღწევებისთვის მედიცინაში. ეს გვეხმარება, ინვესტიცია ჩავდოთ ყველა იმ სფეროში, რომელთა განვითარებაც, ჩვენი აზრით, უნდა დაჩქარდეს. ჩვენ უნდა გავაფართოოთ და გავაღრმაოთ ჩვენი სარბიელი. ამიტომ ეს ნამდვილი ნეტარებაა, რომ პანდემიასთან ბრძოლამ საშუალება მოგვცა, პროცესი სხვა ისეთ სფეროებშიც დაგვეძრა, რომლებშიც ეს ასევე გადაუდებელია.
სხვა რა სფეროებში აპირებთ მუშაობს?
უღურ შაჰინი, BIONTECH-ის თანადამფუძნებელი:
„ჩვენ ფართო სარბიელი გვაქვს. სხვადასხვა ტექნოლოგიის თითქმის 500-ზე მეტი პატენტი გვაქვს და მომავლის გვჯერა. ერთი მხირვ, ორი პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი. დაავადება სულ უფრო ინდივიდუალურ სახე იღებს. დიახ, მრავალი დაავადება, როგორებიცაა კიბო, ავტოიმუნური დაავადება, ალერგია, ასევე სიბერე – ყველაფერი ინდივიდუალურად უნდა განიხილო. ამიტომ გვჯერა, რომ აღარ ღირს, ერთი დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტს ერთი წამალი დაუნიშნო.
ყველას დაავადება განსხვავებულია, ამიტომ გვინდა, რომ მკურნალობაც განსხვავებული ჰქონდეთ. ამასთან დაკავშირებით უკვე გვაქვს იდეები და მზადაა ტექნოლოგიებიც. ეს ეხება კიბოსაც. როგორც იოზლემმა Ozlem თქვა, ეს ეხება ავტოიმუნურ და ანთებით დაავადებებსაც. ასევე მიოკარდიუმის ინფარქტს. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი იმუნური სისტემა ყველა ტიპის დაავადების დროს ჩართულია, ჩვენ კი იმუნოლოგები ვართ და ვიცით, როგორ ვმართოთ იმუნიტეტის საპასუხო რეაქცია და როგორ შევცვალოთ იმუნოსისტემის ქცევა.“
მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში თქვენი პრესტიჟული ჯილდოს უკან, თქვენ გარდა, თქვენი დარგის სხვა სპეციალისტებიც დგანან. ხომ არ განიხილავთ გარკვეული „სუპერსამეცნიერო გუნდის“ შექმნას, რომ მეტს მიაღწიოთ?
იოზლემ თიურეჯი, BIONTECH-ის თანადამფუძნებელი:
„ჩვენ უკვე ვართ სამეცნიერო სუპერგუნდი, რომელიც სამეცნიერო საზოგადოებას ემსახურება. პანდემიის დროს უბრალოდ გასაოცარი იყო, რომ ყველა დაუყოვნებლივ აქვეყნებდა თავისი დაკვირვების შედეგებს და მიგნებებს, თუ რა ახასიათებდა ვირუსს, ახალ შტამებსა და ვირუსის თანმდევ შედეგებს. ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ უკვე ვართ ერთი დიდი გუნდი, რომელსაც ახლა კიდევ უფრო მჭიდროდ აკავშირებს პანდემიის გამოცდილება.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, რადგან ეს ერთობლივი მუშაობა და მონაცემთა გაზიარება ძალიან დაგვეხმარება მომავალში, რომ კრიზისი მეცნიერებით დავამარცხოთ.“
ორივეს თავგადაკლული მშრომელის რეპუტაცია გაქვთ. და კაცმა რომ თქვას, ეს ძალიან სასარგებლოა საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ახლა. თუ გაქვთ რამე ოცნება, პროფესიული ოცნება, რომელიც მეცნიერების გარდა, რომელიმე სხვა სფეროში გსურთ აიხდინოთ?
იოზლემ თიურეჯი, BIONTECH-ის თანადამფუძნებელი:
არის კი რამე მეცნიერების მიღმა? ეს მე არ მესმის.
იმის თქმა მინდა, რომ ახლა გაქვთ ფული, გავლენა, ცოდნა ხომ თავისთავად… ხომ არ განიხილავთ ამ ყველაფრის სხვა რამეში გამოყენებას?
უღურ შაჰინი, BIONTECH-ის თანადამფუძნებელი:
„ დიახ, დიახ. ჩვენ ორი რამ გვამოძრავებს – ცნობისმოყვარეობა და მეცნიერების სიყვარული. მეორე მხრივ, გვსურს რაღაც სასარგებლო გავაკეთოთ. ხომ ასეა? მჯერა, რომ სასარგებლო რამ მეცნიერების მიღმაც შეიძლება გაკეთდეს. ამიტომ ჩვენ გვინდა, გავიგოთ, რომელია კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი პრობლემა და მეცნიერების გარდა, კიდევ რა ფაქტორებია, რომელთა მოგვარებაც შეგვიძლია და რაც ხალხისთვის სასარგებლო იქნება.
ამ საკითხებს ახლა ისეთ ხალხთან ერთად განვიხილავთ, ვინც ჩვენს იდეებს იზიარებს, რომ მივხვდეთ, რას აკეთებენ და რაში შეგვიძლია დავეხმაროთ. ესეც მოტივაციაა ჩვენთვის.“
ისიც მაინტერესებს, თქვენ ორმა როგორ ითანამშრომლეთ. ასეთი ძლიერი კავშირი გაქვთ როგორც პირად, ისე პროფესიულ დონეზე, მაგრამ თუ არის საკითხები, როცა არ ეთანხმებით ერთმანეთს?
უღურ შაჰინი, BIONTECH-ის თანადამფუძნებელი:
„ყოველთვის, როცა არ ვეთანხმებით ერთმანეთს, და ასეთი ყოველდღე უამრავი საკითხია, ეს არის შანსი, რომ რაღაცა უკეთესი გამოვიდეს, ვიდრე ჩვენი აზრია. ასე რომ, ჩვენ გვიყვარს მეცნიერული დავა. ძირითადად მაშინ ვთანხმდებით, როცა საქმე მეცნიერულს არგუმენტს ეხება, რომლისაც ორივეს გვჯერა. ასეთი კამათის შემდეგ ერთი დიდი სიამოვნებაა იოზლემის პოზიციის გაგება. ასე უკეთეს მოსაზრებამდე მივდივარ, ვიდრე მანამდე მქონდა. ამიტომ უთანხმოებას ყოველთვის განვიხილავ როგორც შესაძლებლობას, რომ ვიკამათოთ.
თქვენ იზიარებთ ამ თვალსაზრისს?
იოზლემ თიურეჯი, BIONTECH-ის თანადამფუძნებელი:
ვიზიარებ. ჩვენ ეფექტურად ვთანამშრომლობთ, მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებული ვართ.