მთავარი საქართველო ოპოზიციის ნაწილი განაგრძობს საპროტესტო აქციებს

ოპოზიციის ნაწილი განაგრძობს საპროტესტო აქციებს

ოპოზიციის ნაწილის პროტესტი კვლავ გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს, 4 ნოემბერს საპროტესტო აქციას მართავენ ქუთაისშიც. აქციის მონაწილეები არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აპროტესტებენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

პერმანენტული აქციები იმართება რუსთავის ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთანაც. შიმშილობა დაიწყო „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. როგორც თავად ამბობს, იშიმშილებს იქამდე, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ და ვიდრე მისი ჯანმრთელობის გარშემო შეკითხვები გარანტირებულად არ მოიხსნება.

„შიმშილობა, ზოგადად, არის პროტესტის ინდივიდუალური ფორმა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურად იღებს ამ გადაწყვეტილებას. აქ დაუშვებელია და წარმოუდგენელი რაიმე პარტიული დავალება ან პარტიული გადაწყვეტილება, ან ჯგუფური გადაწყვეტილება, ზოგადად. აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა, რა თქმა უნდა, არ გვქონია, ყველა ადამიანი, დეპუტატი იქნება თუ სხვა თვითონ გადაწყვეტს და წყვეტს პროტესტის ამ ფორმას მიმართავს თუ არა“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ.

„იმ პირობებში, როდესაც დღევანდელ ხელისუფლებას უკავია დანაშაულებრივი პოზიცია, როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ ასევე მთლიანად ქვეყნის მიმართ, ასეთ პირობებში ყველანაირი მშვიდობიანი პროტესტის ფორმა უნდა იყოს მიღწეული და ეს გამართლებულია, რადგან გადაყვანილი იყოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, რათა მის ჯანმრთელობას არ დაემუქროს საფრთხე“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ.

რუსთავის ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე  პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკვე 35-ე დღეა შიმშილობს. პატრიარქმა ილია II-მ კი საქართველოს მესამე პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა და შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა.

ისევ იმავე დავალებით, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი. წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით“, – თქვა დეკანოზმა პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა.

ოპოზიციის ნაწილის პროტესტის ფორმასა და მიხეილ სააკაშვილის დაკავებას მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც ეხმაურებიან.

„არ ვიცი, ამას რა შეიძლება, ვუწოდოთ, ანუ შიმშილობს ადამიანი, რომ სხვისი შიმშილობის გაურკვეველი მიზეზი დაკმაყოფილდეს. ახლა შეიძლება, რომელიმე ოპოზიციონერი გამოვიდეს და დაიწყოს შიმშილი და ტყვის, რომ დაკმაყოფილდეს ელენე ხოშტარიას მოთხოვნა, რომ დაკმაყოფილდეს მერე პატიმარ სააკაშვილის მოთხოვნა“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

„თითოეულმა მოქალაქემ ჩვენი ქვეყნისა იცით, თუ რისთვის იხდის სასჯელს სააკაშვილი, როგორ ემალებოდა მართლმსაჯულებას და აქედან გამომდინარე ამ დამალვის მცდელობით არ აღიარებდა იმ დანაშაულებს, ახლაც არ აღიარებს და იმ ადამიანის შეწყალება, რომელიც არ აღიარებს დანაშაულს, რომელსაც არ მიაჩნია, რომ რაიმე სახის მცირედი გადაცდომაც კი ჰქონია მოქალაქეების წინაშე, ამ დროს ჩვენ ვიცით, რომ არათუ ადამიანები, არამედ ოჯახები ჰყავს დაღუპული, უსინდისო საქციელი და პოზიციაა“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტიც ეხმაურება. არსებულ კითხვებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით კი ასე პასუხობს:

„ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია — არა და არასოდეს“, – განაცხდა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

აქციააქცია

Send this to a friend