“პოლიტიკოსები ბერდებიან და იღუპებიან, როზა კი წყალდიდობის შედეგად გარდაიცვალა, რომელიც კლიმატის ცვლილებებმა გამოიწვია” – ეს ბელგიელი თინეიჯერის გზავნილია. იგი ცდილობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმ მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც მავნე აირებისა და ტემპერატურის 1.5 გრადუსით შემცირებას უკავშირდება. გარემოს დამცველი ბენი თავის მეგობარ როზას იხსენებს.
,,როზა ჩემი მეგობარი იყო, რომელიც ამ ზაფხულს ბანაკში გავიცანი. იგი 14 ივლისს ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაიღუპა. რამდენიმე ჩვენგანმა მისი გადარჩენა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ის სტიქიასთან ბრძოლაში დამარცხდა. მე აქ მის გამო ვარ, ასევე კლიმატის დასაცავად, არ მინდა, მსგავსი ტრაგედია კიდევ განმეორდეს. პოლიტიკოსებმა ისევე უნდა იმოქმედონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, როგორც ეს Covid-ის კრიზისის დასაძლევად გააკეთეს. მათ უნდა მოუსმინონ მეცნიერებს და დარწმუნდნენ, რომ კლიმატის ცვლილება არ გაუარესდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი სამყაროსა და ადამიანების გადასარჩენად. მოუსმინეთ ახალგაზრდებს, რომლებსაც არ აქვთ ხმის მიცემის უფლება, მაგრამ მზად არიან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად“, – ამბობს გარემოსდამცველი ბენი.
ბენი იმ საშინელ წყალდიდობაზე საუბრობს, რომელსაც გასულ ზაფხულს ბელგიაში ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ბევრი კი დევნილად იქცა. ყველას შეუძლია ნახოს, რა სოციალური და ეკონომიკური ზიანი მიადგა სამხრეთ-აღმოსავლეთ ბელგიას. პოლიტიკოსებმა მას უწოდეს ყველაზე დიდი სტიქიური კატასტროფა, რომელიც ქვეყანას ოდესმე უნახავს. სამეცნიერო კვლევების მიხედვით, ეს სტიქიური კატასტროფა კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია.
ბენს არ შეეძლო COP26-ზე წასვლა, რადგან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ჰოსტელებში შესვლაზე უარი განუცხადეს. მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ მის და როზას ხმას, რომლის სახელიც ბრიუსელის კედელზე წერია, ყველგან გაიგებენ.