მსოფლიო ლიდერებმა, რომლებიც რამდენიმე დღეა გლაზგოში გლობალური დათბობის შესაჩერებლად მსჯელობენ, საერთო შეთანხმებას მიაღწიეს.
12-დღიანი კონფერენციის COP26 – ის ფარგლებში, რა თქმა უნდა, იყო ბევრი განცხადება, რომლებიც გლობალური პრობლემის გადაჭრის გზებს უკავშირდებოდა.
მთავარი საკითხები კი, რომლებზეც 120 ქვეყნის წარმომადგენელი შეთანხმდა, ტყის გაჩეხის შეჩერებას, მეთანის ემისიების 30%-ით შემცირებასა და სუფთა ენერგიის გამომუშავებას უკავშირდება.
როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, 2030 წლისთვის 100-ზე მეტ ქვეყანაში ტყის გაჩეხა შეწყდება. ეს ვალდებულება ეხება ბრაზილიასაც, თუმცა სკეპტიკოსებს ეჭვი ეპარებათ, რამდენად არის მზად პრეზიდენტი ბოლსონარუ შეასრულოს ეს პირობა.
ამასთანავე COP26-ის სამიტზე მხარი დაუჭირეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ერთობლივ გადაწყვეტილებას, რომელიც 2030 წლისთვის მეთანის ემისიების 30%-ით შემცირებას გულისხმობს – თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა ნაბიჯებს გადადგამენ რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის ლიდერები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.
კიდევ ერთი პირობა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა დადეს, უკავშირდება ნაკლები ნახშირბადის შემცველობის ტექნოლოგიების გამოყენებას. როგორც ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა თვლის, რომ სიფრთხილე აუცილებელია.
,,ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და ცრუ იმედი არ გაგვიჩნდეს იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაო შესრულებულია, რადგან ეს ასე არ არის. ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზაა გასავლელი. ჩემი გზავნილი ძალიან მარტივია. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ახლა შესაძლოა Cop26- ის სამიტს ტოვებენ, მაგრამ მსოფლიო მოსახლეობას ჩვენი იმედი აქვს. სწორედ ამაზე ვიზრუნეთ მოლაპარაკებების დროს, რომ გვეპოვა გამოსავალი“, – განაცხადა ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
მოლაპარაკებები მიზნად ისახავს გლობალური დათბობის შეჩერებასა და ტემპერატურის 1.5 გრადუსით შემცირებას, ლიდერებმა ახლა გაეროს წევრი ქვეყნებიც უნდა დაარწმუნონ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში და იმსჯელონ დაფინანსების გზებზე.
სანამ პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან, გარემოს დაცვის აქტივისტები არსად წასვლას არ აპირებენ და კვლავ ცდილობენ თავიანთი ხმა მსოფლიოს მიაწვდინონ.