მთავარიაზიაავღანეთიხელოვნება "თალიბანის" წესებით

ხელოვნება “თალიბანის” წესებით

ქალი თვალებს ხუჭავს და ტირის – ეს 20 წლის მუსას ბოლო ნახატია. იგი „თალიბანის“ მუქარის გამო იძულებული გახდა, ნამუშევრების დიდი ნაწილი გაენადგურებინა. ახალგაზრდა მხატვარი პორტრეტებს ხატავს, ხშირად ქალებს, ამას კი „თალიბანი“ კრძალავს.

„თალიბანის” რეჟიმის პირობებში მხატვრობა ვერ განვითარდება. ვფიქრობ, თუ ასე გაგრძელდა, ხელოვნება, ისევე, როგორც ხელოვანები ავღანეთში სამუდამოდ გაქრება და ისტორიას ჩაბარდება“, – ამბობს ავღანელი მხატვარი, მუსა.

20 წლის შემდეგ, როდესაც „თალიბები” ავღანეთში დაბრუნდნენ, ხელოვნებისა და ზოგადად კულტურის განვითარება ეჭვქვეშ დადგა. ჰერათი ავღანეთის ერთ-ერთი მთავარი კულტურული კერაა, სადაც ჯიჰადის მუზეუმია მდებარეობს.

მუზეუმში 1979 წლის საბჭოთა კავშირის ავღანეთში შეჭრისა და ომის შემდგომი პერიოდის ამსახველი ფოტოებია გამოფენილი. მუზეუმის პასუხისმგებელი პირი საიედ ჰასანი, რომელიც ბოლო 18 წელი მუზეუმზე ზრუნავს, „თალიბებს“ ქალაქის კულტურული და ისტორიული ადგილების დაცვას სთხოვდა.

„ჰერათის ყველა მცხოვრებს, ჩვენს ძმებს საამიროების მთავრობაში ვთხოვ, რომ ჰერათის პროვინციის ყველა ისტორიული ადგილი დაიცვან, რათა ის მომდევნო თაობებისთვის შევინარჩუნოთ“, – ჰყვება ჯიჰადის მუზეუმის პასუხისმგებელი პირი საიედ ჰასანი.

2001 წელს „თალიბებმა“ ბამიანის ბუდას ქანდაკებები გაანადგურეს. როგორც ჩანს, მათ 20 წლის შემდეგაც იგივე დამოკიდებულება აქვთ.

როდესაც „თალიბებმა“ აგვისტოში ჰერათი დაიპყრეს, ჯიჰადის მუზეუმში მრავალი ქანდაკება დააზიანეს, თუმცა მოგვიანებით ადგილობრივებმა შეძლეს მათი აღდგენა.

„თალიბები“ თვლიან, რომ ხელოვნების ის ნიმუშები, რომლებიც შარიათის კანონებს ეწინააღმდეგება ქვეყანაში უნდა აიკრძალოს.

„ჩვენ არ ვეხებით იმ ნამუშევრებს, რომლებიც ისლამის წმინდა რელიგიას არ ეწინააღმდეგება. ავღანეთის ისლამური ემირატი გმობს ყველაფერს, რაც ისლამში აკრძალულია. ქალაქის დეკორაციისთვის გამოვიყენებთ ახალ ნახატებს, რომელებიც ერთგვარი გზის მაჩვენებელი იქნება ჩვენი ხალხისთვის“, – აცხადებს მავლავი ნაიმ-ულ-ჰაქ ჰაქანი, რომელიც ჰერათის პროვინციის კულტურისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

ქალაქის გალერეებსა და ხელოვნების ცენტრებში მხატვრები ისეთ ნამუშევრებს ქმნიან, რომლებზეც ადამიანი არ არის გამოსახული. 56 წლის მოჰამედ იბრაჰიმს თავისი გალერეა და აკადემია აქვს, ის აქ ხატვას ასწავლის. როგორც თავად ამბობს, მის გაკვეთილებს გოგონები აღარ ესწრებიან.

„ბევრი მოწაფე მყავდა, იყვნენ გოგონებიც და ბიჭებიც. ახლა გოგონები აღარ მოდიან. ადრე დაახლოებით 50-დან 60-მდე ქალი სტუდენტი მყავდა. ეს ჩემს შემოსავალზეც აისახა. ეს იყო ჩემი მთავარი საქმე და არა პროექტებზე მუშაობა“, – ამბობს მოჰამედ იბრაჰიმი.

ავღანეთის ბევრ რეგიონში ქალებს სახლში დარჩენას და სამუშაოსა თუ საზოგადოებრივი ცხოვრებისგან თავის შეკავებას აიძულებენ. „თალიბანი“ ხალხს ჰპირდებოდა, რომ ტოლერანტობას გამოიჩენდა, თუმცა იგი ისევ ისლამის მკაცრი კანონებით მოქმედებს. 1990-იან წლებში, წინა მმართველობისას, „თალიბებმა“ გოგონებსა და ქალებს სკოლებსა და სამსახურებში სიარული და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა აუკრძალეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend