მთავარი საქართველო „ეს რიგით მეხუთე უკანგადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში“ - კარლ ჰარცელი

„ეს რიგით მეხუთე უკანგადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში“ – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნას კრიტიკულად აფასებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნას კრიტიკულად აფასებს. კარლ ჰარცელმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეს დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. დიპლომატი აცხადებს, რომ ეს პროცესი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას.

„დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.

საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. ის მოჰყვა 12 ივლისს, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, რომელსაც ეუთო/ოდირის შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობა ევროკავშირის დამატებით 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების მისაღებად 2021 წლის სექტემბერში, გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უარის თქმა 7 სექტემბერს; დღემდე არ მომხდარა 5 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის სანდო გამოძიება და ორგანიზატორების დასჯა.

ეს მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამბიციური სასამართლო რეფორმის პროცესის დაწყება ფართო, ინკლუზიური და ყველა პარტიის ჩართულობით, გადაუდებელი აუცილებლობაა და საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ეს ვალდებულება აიღეს.

ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი – საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“ – ნათქვამია კარლ ჰარცელის განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი მოსამართლეთა კონფერენციამ 2021 წლის 31 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს აირჩია. კონფერენციის დღის წესრიგის გამოქვეყნებიდან 4 დღის შემდეგ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები 12 ივლისსაც აირჩიეს, რასაც ასევე მოჰყვა კრიტიკული შეფასებები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ეუთო/ოდირის შეფასებით, ამ პროცესს აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend