მცირეწლოვანი და შიმშილისგან დაუძლურებული მოჰებულას სიცოცხლე საფრთხეში იყო, თუმცა ქაბულის მახლობლად მდებარე მირბაჩა კოტის რაიონის საავადმყოფოს ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
ავღანეთში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და ექიმებს მუშაობა ხელფასის, მედიკამენტებისა და ელექტროენერგიის გარეშე უწევთ.
მირბაჩა კოტში უკვე 5 თვეა, რაც ხალხს ხელფასი არ აუღია.
სამედიცინო პერსონალის უმეტესობა თვლის, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ. ისინი იძულებული არიან, ასე გააგრძელონ მუშაობა, ვინაიდან სხვაგან სამსახურს ვერ იპოვიან.
„რა უნდა ვქნათ? აქ მოვდივართ, რადგან სხვა სამსახური არ გვაქვს. რომც გამოჩნდეს რამე, ხელფასს ვერავინ გადაგვიხდის, ამიტომ ისევ აქ დარჩენა ჯობია“, – ამბობს მირბაჩა კოტის საავადმყოფოს ექიმი.
„თალიბებმა“ საავადმყოფოს ზედამხედველად, ომიდან ახალდაბრუნებული, 22 წლის მოჰამედ ჯავიდ აჰმადი დანიშნეს, მას დიდი გეგმები აქვს, თუმცა მისი გეგმები ექიმებს აშინებთ.
„რა თქმა უმდა, უმჯობესია ამ თანამდებობაზე მეტი გამოცდილების მქონე პირი დანიშნონ, თუმცა, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ის კორუმპირებული ან ქურდია“, – აცხადებს მოჰამად ჯავიდ აჰმადი.
მისი უპირველესი მოვალეობა რეგისტრაციის ჟურნალის მოწესრიგებაა, რომელშიც თითოეული ექიმის შემოსვლასა და გასვლას აღნიშნავენ.
ეს ფორმალობაა, რომელიც ჯანდაცვის მუშაკებს ხშირად ავიწყდებათ გადატვირთული გრაფიკის გამო. თუმცა ეს უყურადღებობა აჰმადის გასაბრაზებლად საკმარისია.
აჰმადს საავადმყოფოს ტერიტორიაზე მეჩეთის აშენებაც სურს.
„ჩვენ მუსლიმები ვართ და გვყავს 32 თანამშრომელი. ამიტომ გვჭირდება მეჩეთი“, – ამბობს აჰმადი.
ექიმები, რომლებსაც ელემენტარული აღჭურვილობა არ აქვთ და ხელფასებსაც ვერ იღებენ, მას არ ეთანხმებიან.
მირჩაბა კოტის საავადმყოფოს დირექტორისთვის ეს სიტუაცია, სამწუხაროდ, ნაცნობია.
„მახსოვს, „თალიბანის“ წინა რეჟიმის დროს მსგავსი პრობლემები გვქონდა. მაშინაც საავადმყოფოში ვმუშაობდი და არაფერი გაგვაჩნდა“, – ამბობს მირბაჩა კოტის საავადმყოფოს დირექტორი საბურ ბაბაკარხილი.