მთავარი არჩევნები 2021 ცესკოს ინფორმაციით 17:00 საათისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 97 საჩივარი შევიდა

ცესკოს ინფორმაციით 17:00 საათისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 97 საჩივარი შევიდა

ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისათვის კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 97 საჩივარი შევიდა.

როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, მათ შორის 40 დამკვირვებლების, ხოლო 57 საარჩევნო სუბიექტების მიერ არის წარდგენილი.

„მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაიცვან კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივრების წარდგენის წესი. კერძოდ, უფლებამოსილმა პირებმა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებული განცხადება/საჩივარი უნდა წარადგინონ საუბნო საარჩევნო კომისიაში.

შეგახსენებთ, რომ განცხადება/საჩივრის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენის შემთხვევაში ის განუხილველი დარჩება. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი წარდგენილი უნდა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი დღის ვადაში. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, ცესკოს სპიკერი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა, მისივე შეფასებით, გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომელიც ერთ პირზე გაცემულ ორ პირადობის მოწმობას შეეხება. მისივე მტკიცებით, საქმე ამ შემთხვევაშიც გვარის შეცვლას ეხება.

„ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და ამ შემთხვევაშიც საქმე ეხება გვარის შეცვლას. სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, ეს ფაქტი მოხდა ორი წლის წინ. შესაბამისად, ამომრჩეველთა სიაში შეტანილია შეცვლილი მონაცემი და ის ხმის მიცემას მხოლოდ ერთხელ შეძლებდა.

რაც შეეხება ზუგდიდის მე-10 საარჩევნო უბანზე გავრცელებულ ინფორმაციას თითქოსდა შეჩერებული იყო კენჭისყრა, აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება, საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ასევე გლდანის საარჩევნო ოლქის ორ საარჩევნო უბანზე გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რამაც კენჭისყრის შეფერხება გამოიწვია. მათ შორის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს შორის როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები დაფიქსირდა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლებამოსილ პირებს, დაიცვან კანონი, მისცენ შესაძლებლობა საარჩევნო კომისიებსა და ამომრჩევლებს, მშვიდ ვითარებაში წარიმართოს კენჭისყრა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ საბურთალოს 68-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმზე წინასწარ მოაწერეს ხელი კომისიის თავმჯდომარემ და მოადგილემ. კომისიას გადაეცა ახალი შემაჯამებელი ოქმი, ნაწილობრივ შედგენილი ოქმი კი განადგურდა“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend