ყველას გვქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც უცნობ შეტყობინებას ვიღებთ და თავს გვესხმიან ისე, რომ ამას ვერც კი ვხვდებით. მილიარდობით ევრო დაკარგეს კომპანიებმა, ინსტიტუტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა, ისინი კიბერთავდასხმისა და თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ. ასეთი შემთხვევებისგან თავის დასაცავად ევროპარლამენტში ახლა ბოლო შესწორებები შედის კანონში, რომელიც ინტერნეტმომხმარებლების დაცვას გულისხმობს. ევროპარლამენტარი ნიდერლანდებიდან ბარტ გროთუისი განმარტავს, თუ რატომ არის საჭირო არსებული წესების შეცვლა.
მას მიაჩნია, რომ ევროპარლამენტმა სწრაფად უნდა იმოქმედოს და დაიცვას ევროპა ჰაკერების თავდასხმისგან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაუმჯობესდეს არსებული უსაფრთხოების სისტემები. მისი თქმით, ყველამ კარგად დაინახა, როგორ ესხმოდნენ თავს პანდემიის დროს საავადმყოფოებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს.
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც საპარლამენტო დონეზე ასეთ კონსესუსს მიაღწიეს ევროპული ქსელების უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. თუმცა უსაფრთხოების ზრდასთან ერთად იზრდება კონტროლის რისკიც.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტი იოან კასიანიდესი ამბობს, რომ კიბერუსაფრთხოება არ ზღუდავს და არ წარმოადგენს საფრთხეს მომხმარებლებისთვის. პირიქით, ის ინსტრუმენტები და გადაწყვეტილებები, რომლებიც კომპანიების მიერ არის შემუშავებული და მიღებული, დაიცავს მათ თავისუფლებას. იოანის აზრით, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, მისცენ საშუალება მარეგულირებელ ორგანოებს, შესაბამისად იმოქმედონ.
პრობლემა გლობალურია. თუმცა საინტერესოა, რამდენად სერიოზულად განიხილავენ ამ საკითხს სხვა ქვეყნები, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები.
ბარტ გროთუისი აცხადებს, რომ ევროკავშირი კიბერუსაფრთხოებაზე საშუალოდ 41 პროცენტით ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე შეერთებული შტატები. ეს ის საკითხია, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციონ. ბარტის აზრით, ძალიან მნიშვნელოვნია, აღიკვეთოს რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან წამოსული საფრთხეები. ისინი გეოპოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად მათ ქსელებში შეღწევას ცდილობენ.
დღეს კონფლიქტის წარმოქმნა, იარაღის გარდა, კლავიატურის მეშვეობითაც არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ევროპარლამენტში, დროულად ჩარეულიყვნენ. მათი მიზანია, ევროპა წინ იყოს ამ ტექნოლოგიურ ომში.