მთავარი საქართველო თბილისის ლიტერატურული ფესტივალი დასრულდა

თბილისის ლიტერატურული ფესტივალი დასრულდა

„განსხვავება მწერლის შინაგან იზოლაციასა და იძულებით იზოლაციას შორის“ – ეს გახლდათ თბილისის ლიტერატურული ფესტივალის მეშვიდე და დასკვნითი დღის ერთ-ერთი განსახილველი თემა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ამერიკელი, ლიბანელი და ქართველი მწერლები.

„ამ ფესტივალის მნიშვნელობა იმაზე დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამხელა ჩაკეტილობისა და შეზღუდვების შემდეგ მოხერხდა და თბილისში უამრავი მწერალი ჩამოვიდა. ვფიქრობ, რომ სრულიად რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალია“, – მიიჩნევს მწერალი ირაკლი მენთეშაშვილი.

თბილისის ლიტერატურულ ფესტივალს მწერლები 14 სხვადასხვა ქვეყნიდან ესტუმრნენ. წელს ფესტივალის მთავარი თემა იყო „ქალაქი, როგორც სიმბოლო“ და იგი ამერიკელი პოეტისა და აქტივისტის ლორენს ფერლინგეტის ხსოვნას ეძღვნებოდა.

ფესტივალის დასკვნით საღამოს ქართველმა მწერლებმა ლორენს ფერლინგეტის ლექსების ქართული თარგმანები წაიკითხეს.

„მიხარია, რომ ყველანაირი ხარვეზის გარეშე ჩაიარა ამ ფესტივალმა. ჩამოსული იყვნენ ა კლასის მწერლები, რომლებიც ქართულ სალიტერატურო სივრცეშიც დიდი ხანია ცნობილები არიან. მიხარია, რომ მოხერხდა მათი ჩამოყვანა და მკითხველებთან შეხვედრა“, – ამბობს მწერალი პაატა შამუგია.

ფესტივალის სტუმრებს შორის ამერიკელი მწერალი-ფანტასტი ბლეიკ კრაუჩი და არგენტინელი რომანისტი არიანა ჰარვიციც იყვნენ. მათი რომანები ქართულ ენაზეც არის ნათარგმნი  და მწერლებს ქართველი მკითხველიც იცნობს.

„დღეს დასკვნით საღამოზე უამრავ თემაზე ვილაპარაკებთ. ისეთ თემებზე, რომელთა შესახებაც ყველა მწერალი უნდა საუბრობდეს. ვისაუბრებ ჩემს სტილზე, წერის მანერაზე და ზოგადად, ჩემს შემოქმედებაზე. ვისაუბრებთ პოლიტიკურ და სოციალურ მნიშვნელობაზე იმ თემებზე, რომლებიც ჩემს წიგნშია წამოწეული“, – ამბობს მწერალი არიანა ჰარვიცი.

„საქართველოში პირველად ვარ. აღტაცებული ვარ აქაურობით. თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია, მომწონს ყველაფერი – ხალხი, საჭმელი… ჩემი საუბრის თემა იყო იზოლაცია და მცდელობა იმისა, თუ როგორ ვიყოთ უფრო კრეატიულები პანდემიის დროს. ჩემი აზრით, საკმაოდ საინტერესო თემაა. აქ კიდევ რამდენიმე დღე დავრჩები და იმედი მაქვს, უკეთ დავათვალიერებ საქართველოს“, – ამბობს ბლეიკ კრაუჩი.

ფესტივალი ლიტერატურის მოყვარულებს მომავალ წლამდე დაემშვიდობა. ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ ფესტივალი მომავალ წელსაც ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება, უამრავი უცხოელი ავტორითა და ბევრი განსახილველი თემით.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend