9 ადამიანი გარდაიცვალა და 100-ზე მეტი დაშავდა სუდანში. ჯარისკაცებმა ქუჩაში გამოსულ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. აქციის მონაწილეები ქვეყანაში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებდნენ.
შეიარაღებულმა ძალებმა გააუქმეს სამოქალაქო წესრიგი, დააპატიმრეს პოლიტიკური ლიდერები და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, რამაც მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.
საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო სამხედრო გადატრიალება. გაეროში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა, შეერთებულმა შტატებმა კი მილიონობით დოლარის დახმარება შეუწყვიტა სუდანს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები წყვეტს სუდანის დახმარებას. მისი თქმით, 700 მილიონი დოლარი სუდანის ეკონომიკის დასახმარებლად იყო გამოყოფილი, ეს თანხა გამიზნული იყო სუდანის დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად.
გენერალმა აბდელ ფატაჰ ბურჰანმა განაცხადა, რომ დანიშნავს ტექნოკრატიულ მთავრობას, რომელიც ქვეყანას სათავეში 2023 წლის ივლისის არჩევნებამდე ჩაუდგება, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ძალაუფლება სამხედროების ხელში იქნება.
მას შემდეგ, რაც 2019 წელს ომარ ალ ბაშირი თანამდებობიდან გადააყენეს, სუდანში ძალაუფლება გადანაწილებული იყო სამოქალაქო და სამხედრო ლიდერებს შორის.