როგორია გვერდიდან დანახული პოლიტიკური ლანდშაფტი საქართველოში – ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევითმა ორგანიზაციებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს.
ქართველი ამომრჩევლების უმრავლესობას მკვეთრად გამოხატული სიმპათიები აქვს დასავლური კურსისა და ევროკავშირის მიმართ.
შესაბამისად, არჩევნებში სწორედ იმ პარტიებს უცხადებენ ნდობას, ვისაც ასეთი ხედვები აქვთ. მხარს უჭერს მინიმალური ხელფასის კანონით განსაზღვრას, დაგროვებითი პენსიის სქემაში ნებაყოფლობით ჩართვას და გადასახადის ზრდას იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც გარემოს აბინძურებენ. ეს საკითხები, არასრული ჩამონათვალია იმ კვლევიდან, რომელიც „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ მხარდაჭერით ჩატარდა. კვლევის ავტორი ორგანიზაციები – Iset – კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, CRRC GEORGIA და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაა.
„ქართველი ამომრჩეველი ეკონომიკური პოლიტიკის მხრივ უფრო მემარცხენეა, ხოლო სოციოლოგიურ-კულტურული მიმართულებით უფრო მეტად ლიბერალურ შეხედულებებზე, მემარჯვენე პოზიციაზე დგას. ამომრჩევლის უმეტესობა მხარს უჭერს ევროპასთან ინტეგრაციას და ამ პოზიციას მკაფიოდ გამოხატავს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდიდან 2021 წლის მიმდინარე არჩევნების პერიოდამდე მკვეთრად არც ამომრჩევლების პოლიტიკური შეხედულებები შეცვლილა და არც პარტიების პოლიტიკური იდეოლოგია“, – ამბობს „Iset – კვლევითი ინსტიტუტის“ წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა.
კვლევის მხარდამჭერი ორგანიზაციის – „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ წარმომადგენლობის განცხადებით, კვლევაში კარგად ჩანს საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი, ამომრჩევლის მრავლფეროვნება და პარტიებსა და მოქალაქეებს შორის პოზიციების თანხვედრა გარკვეულ საკითხებზე.
„ამ კვლევაში, ჩვენთვის ყველაზე მეტად საინტერესო იყო, თუ რამდენად იცნობენ ამომრჩევლები საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს. მათ იდეოლოგიასა და საარჩევნო პროგრამებს. კვლევის საწყის ეტაპზე, გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეებში გარკვეული სკეპტიციზმი შევნიშნეთ. ამბობდნენ, რომ პარტიებს არ აქვთ სიღრმისეული ანალიზი და სამოქმედო გეგმა წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში. თუმცა, თავად პარტიების კვლევისას, განსხვავებული სურათი დავინახეთ. ეს კვლევა თანაბრად საინტერესო უნდა იყოს როგორც რიგითი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამავე დროს ამომრჩევლებს წარმოადგენენ, ისე პოლიტიკური პარტიებისთვისაც“, – აცხადებს „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ფელიქს ჰეთ-ი.
კვლევაში, სახელწოდებით – საარჩევნო კომპასი საქართველო 2020“ ნათქვამია, რომ ქართულ პოლიტიკურ კომპასზე, პარტიათა უმეტესობას ორი პოლუსი უჭირავთ. მათი ნაწილი ან მემარცხენე და კულტურულად კონსერვატიულია, ან ლიბერალური და მემარჯვენე მიდრეკილების მქონე. შესაბამისად, ორგანზომილებიან იდეოლოგიურ ველზე ამომრჩეველთა პოზიციების პარტიების შეხედულებებთან თანხვედრა ორნაირ იდეოლოგიურ ვაკუუმშია მოქცეული.
„ამ კვლევაში კარგად ჩანს, რომ პარტიებს შორის გარკვეულ საკითხებზე თანაკვეთა დიდია. თუმცა, ჩვენთვის – პოლიტიკოსებისთვის, რაც ყველაზე საყურადღებოა, ესაა ამომრჩევლის აღქმები და პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება ამ აღქმებისადმი. ჩვენ ზოგადად, პრობლემა გვაქვს იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიების არსებობის. პოლიტიკური ტრადიციის სტაბილურობის, ასევე მმართველობითი ხარვეზების მხრივ. ამიტომ, ეს და მსგავსი კვლევები პარტიებისთვის საინტერესოა და ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ სამომავლო საქმიანობაში“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ.
კვლევა ძირითადად 2020 წლის განმავლობაში ჩატარდა. მკვლევრების განცხადებით, განსხვავებული სურათი ბოლო ერთ წელიწადში, საპარლამენტო არჩევნებიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე არ შეიმჩნევა, არც საზოგადოების პოლიტიკისადმი დამოკიდებულებაში და არც პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობაში. კვლევაში მონაწილე სპეციალისტების თქმით, ეს პროექტი პარტიებს სამომავლო პოლიტიკის დაგეგმვაში გამოადგებათ.
ალეკო გვეტაძე