მთავარიბრიუსელის ბიურობრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება

დღეს, 21 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის სამიტი, რომელზეც მსოფლიოში ენერგორესურსებზე ფასების ზრდის საკითხს განიხილავენ. რამდენიმე ქვეყანა ევროკავშირისგან ქმედით ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს იმ კრიზისის დასაძლევად, რომელიც მთელ მსოფლიოში კერძო პირებსა და კომპანიებზე ახდენს გავლენას. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები, ესპანეთის მეთაურობით, გამოსავალს საწვავის ერთობლივად შეძენაში ხედავენ, როგორც ეს ბრიუსელმა ვაქცინებთან დაკავშირებით გააკეთა.

ესპანეთის ვიცე-პრეზიდენტი ეკოლოგიის საკითხებში ტერესა რიბერა აცხადებს, რომ ეს ტექნიკურად რთულია, რადგან შესყიდვის პროცესში ჩართული არიან კომპანიები და არა ქვეყნები. თუმცა, მისი თქმით, ჯგუფის შექმნა, რომელიც გარკვეულ გარანტიას მისცემს ყველას, ვინც ყიდულობს და მათ, ვინც ყიდის, კარგი აზრია. ტერესა რიბერა ამბობს, რომ ეს შეიძლება საბოლოო გამოსავალი არ იყოს, თუმცა შექმნილ ვითარებას ნამდვილად წაადგება.

გერმანიასა და ნიდერლანდებში კი ურჩევნიათ, ბაზარი თავისით დარეგულირდეს. მათ სჯერათ, რომ კრიზისი გაზაფხულისთვის დასრულდება. საფრანეთში აცხადებენ, რომ გამოსავალი შესაძლოა ბირთვულ ენერგიაში იყოს. პოლონეთსა და უნგრეთში კი სურთ რომ კლიმატის შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნები შემცირდეს, რაზეც ევროკომისია კლიმატის ცვლილების საფრთხიდან გამომდინარე არ თანხმდება.

ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მიაჩნია, რომ მწვანე ენერგიაზე გადასვლა პლანეტისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკისთვის, ისე ენერგორესურსების ფასების დარეგულირებისთვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კანონის უზენაესობა პოლონეთში.  პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობაში აცხადებენ, რომ ისინი ვალდებული არ არიან, დაემორჩილონ ევროკავშირის კანონებს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ევროპის მომავლისთვის. ევროპარლამენტარები ევროკაშვირისგან ქმედით ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.

პარლამენტის წევრი, ნიდერლანდელი ესთერ დე ლანგე ამბობს, რომ ახლა მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობა და გესლიანი საუბრებია ევროპაში კანონის უზენაესობის შესახებ. მას მიაჩნია, რომ ევროპულმა საბჭომ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს  და გასცეს შესაბამისი მითითებები.

თუმცა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დიალოგის გაგრძელების მომხრეა. იგი  პოლონეთისა და უნგრეთისთვის სახსრების შეწყვეტის წინააღმდეგ გამოვიდა. ვითარებიდან გამომდინარე, ამ კვირაში სერიოზულ გადაწყვეტილებებს, სავარაუდოდ, არ მიიღებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend