მთავარისაქართველოსაქართველოში ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მეხუთე ტალღის პიკს ელოდებიან

საქართველოში ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მეხუთე ტალღის პიკს ელოდებიან

საქართველოში მეხუთე ტალღის პიკს ელოდებიან. მომავალი ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალი შემთხვევების რიცხვს დააკვირდებიან და ამის შემდეგ ეცოდინებათ, თუ როდის იქნება საქართველოში მეხუთე ტალღის პიკი მოსალოდნელი. თუმცა ამავდროულად ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ საქართველო უკვე შედის მეხუთე ტალღის პიკში.

საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსი 35 ათასზე მეტ მოქალაქეს დაუდასტურდა. ბოლო 7 დღის განმავლობაში კი გარდაიცვალა 282 კოვიდინფიცირებული. დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოზე სწორედ გაუარესებული ეპიდვითარება განიხილეს, თუმცა არანაირი ახალი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და უკვე არსებულ რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრებაზე შეჯერდნენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, საკოორდინაციო საბჭოზე ყოველთვის მკაცრი შეზღუდვებისა თუ რეგულაციების მომხრეა. ამბობს, რომ ეპიდვითარების დასასტაბილურებლად და მეხუთე ტალღის შესაჩერებლად ხისტი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელი იქნება. ასევე ემხრობა უკვე არსებულ რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრებას.

„პირბადის ტარების მაჩვენებელი დღეს 47%-ია. მხოლოდ პირბადე რომ ვატაროთ და ეს მაჩვენებელი ავიყვანოთ 95%-ზე, ეს ხომ ყველაზე მარტივია, არც ანტივაქსერობა სჭირდება, არც ვაქსერობა, ეს დაზოგავს დეკემბრამდე 300 ადამიანის სიცოცხლეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

საქართველოში ვაქცინაციის ტემპი კვლავ დაბალია. აცრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონებს შორის თბილისსა და ბათუმშია. თბილისში მოსახლეობის 54% სრულად არის ვაქცინირებული. ბათუმში კი 60%-ია ორივე დოზით აცრილი. ქვეყნის სხვა რეგიონებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების აზრი ვაქცინაციის სავალდებულო გახდასთან დაკავშირებით კი უცვლელია.

„სავალდებულო – არც ერთ სამედიცინო ინტერვენციასთან დაკავშირებით არ არის ლეგიტიმური და ეთიკურად გამართლებული ტერმინი. ამ შემთხვევაში, ერთადერთი გზა შეიძლება იყოს რეგულაციების დაწესება, ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როცა პირს აქვს არჩევანის საშუალება, აიცრას უფასოდ ან გაიკეთოს პისიარ ტესტი საკუთარი ხარჯით. ეს არის ეთიკურად გამართლებული, რისი გამოყენებაც შეგვიძლია“, – ამბობს თამარ გაბუნია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

საქართველოში, ამ დროისთვის, 46 872 ინფიცირებულია, მათგან 5 679 ანუ ინფიცირებულთა 12% ინფიცირების მძიმე მიმდინარეობის გამო, კოვიდკლინიკაში მკურნალობს. ჯანდაცვის სამინისტროს კოვიდინფიცირებულთათვის კლინიკებში სულ 9000-მდე საწოლი აქვს მობილიზებული, რომლის ნახევარიც უკვე დაკავებულია. შესაძლოა, ქვეყანაში კვლავ საველე ჰოსპიტლების გახსნა გახდეს საჭირო, თუმცა ჯერჯერობით ეს რეალობა არ დგას. მაგრამ თუ ვაქცინაციის დაბალი ტემპი შენარჩუნდა და კოვიდრეგულაციებზე კონტროლი არ გამკაცრდა, ეპიდემიოლოგების თქმით, საქართველოში ყოველ ორ თვეში ერთხელ კორონავირუსის ახალი ტალღა იქნება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend