20 ოქტომბერს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ბრალი წარუდგინეს. მიხეილ სააკაშვილს გამოძიება ედავება 28 სექტემბერს 23:00 საათზე უკრაინიდან, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში გემით შემოსვლას. საგამოძიებო უწყებამ მესამე პრეზიდენტის დაკავებიდან 20 დღის შემდეგ გაასაჯაროვა ინფორმაცია მისი მარშრუტის შესახებ.
„8 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა შპს ,,IKA TRANS“-ის საკუთრებაში არსებული „SCANIA“-ს ფირმის ე.ც.-ს მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება – ტრაილერი. 01:47:27 საათზე, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.ც.-მ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49:37 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა. ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ე.ც.-ს დახმარებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“, – განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძე.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ფიქრობენ, რომ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომას არ ჩანიშნავენ, ვიდრე ის პროცესზე დასწრებას შეძლებს.
„ღიმილისმომგვრელი იყო პროკურატურის ბრიფინგი. განსაკუთრებით იმის გაგება, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით, დღის საათებში მოძრაობდა. ბრიფინგიდან გავიგეთ, რომ თურმე ბათუმის ბულვარში საღამოს 20:30 საათიდან 22:00 საათამდე შუალედში არის ჩაწერილი ვიდეო და არა გამთენიისას, როგორც ეს აქამდე გვეგონა. რეალურად, ეს ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა უბრალოდ ჩამოშლილია ამ ქვეყანაში. ძალიან მაინტერესებს, გაბედავენ თუ ვერ გაბედავენ მიხეილ სააკაშვილის ახალ ბრალთან დაკავშირებით სასამართლო პროცესის ჩატარებას. მე უფრო მგონია, რომ ვერ გაბედავენ და არ ჩაატარებენ სასამართლო პროცესს იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება და სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია“ – ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობის შეწყვეტის მოთხოვნით 14 ოქტომბერს ღია წერილიც გავრცელდა. ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად და არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარსდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე, მისთვის წაყენებული ნებისმიერი ბრალდებისათვის. ამ წერილს 25 ევროპარლამენტარი, ლიეტუვის სეიმის წევრები და ქართველი პოლიტიკოსები აწერენ. საქართველო პრემიერ-მინისტრი ასე არ ფიქრობს და ამბობს, რომ მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება.
„ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაციები, რომ არჩევნებამდე შექმნან იმის განცდა, რომ ზედმეტი ყურადღება არის ევროპარლამენტიდან თუ ასე შემდეგ. პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა ახალი ბრალი. კაცი, რომელმაც თავისი ჭკუით და თავისი გადმოცემით თავდადების მაგალითი დააფიქსირა, შემოვიდა მალულად, ქურდულად, კონტრაბანდის გზით. ჩვენ კონტრაბანდას ვებრძვით და კაცი, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, შემოვიდა ასე მალულად. ამაზე მეტი საქციელი რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი 9 წელი. ეს არის ღიად დეკლარირებული ახალი კანონდარღვევა – საზღვრის უკანონო კვეთა. ეს შევახსენე თქვენს რამდენიმე ევროპარლამენტარს“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მე-20 დღეა შიმშილობს და მიიჩნევს, რომ უკანონო პატიმარია. ამბობს, რომ ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
ნანუკა მეშველაშვილი