მთავარისაქართველორატომ არის მნიშვნელოვანი საბჭოთა დიქტატურის შესახებ წერა

რატომ არის მნიშვნელოვანი საბჭოთა დიქტატურის შესახებ წერა

ლიტერატურული ფესტივალის მეორე დღე

მწერლობა ომისა და დიქტატურის პირობებში – ეს გახლდათ თბილისის ლიტერატურული ფესტივალის მეორე დღეს განსახილველი ერთ-ერთი თემა. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ უკრაინელი და ბელარუსი მწერლები, რომლებიც  საბჭოთა პერიოდში ცხოვრების საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობდნენ.

ლიტერატურულ ფესტივალს წელს მწერლები 14 სხვადასხვა ქვეყნიდან ესტუმრნენ, მთავარი თემა კი ასეთია –  „ქალაქი, როგორც სიმბოლო“.

ფესტივალის  ორგანიზატორი და მასპინძელი ტრადიციულად მწერალთა სახლია. წლევანდელი ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, UNESCO-ს პროექტი თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი, თბილისის მერია, ამერიკისა და ისრაელის საელჩოები საქართველოში.

რამდენად მიშვნელოვანია საბჭოთა დიქტატურის შესახებ წერა, თუ ეს იქნებ წარსულია და გახსენებად აღარც ღირს – სწორედ ამაზე ისაუბრეს პოსტსაბჭოთა პერიოდის ავტორებმა ლიტერატურული ფესტივალის მეორე დღეს.

მწერალთა სახლის დირექტორი ნატაშა ლომოური ამბობს, რომ ფესტივალზე განსახილველი თითოეული თემა იმ ავტორების გამო შეირჩა, რომლებიც წელს საქართველოს ეწვივნენ.

„მოვიწვიეთ ის ხალხი, ვისაც რეალურად თავის თავზეც აქვს გამოცდილი დიქტატურის საშინელი პერიოდი. ეს თემა ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ინტერესით მოუსმენს ჩვენი მსმენელი და ლიტერატურის მოყვარულიც. ჩვენ ძალიან ვცდილობთ, რომ ისეთი თემატური საღამოები შევთავაზოთ ფესტივალის მაყურებლებს, რომლებიც დღესაც აქტუალურია“, – ამბობს მწერალთა სახლის დირექტორი ნატაშა ლომოური.

ლიტერატურის ფესტივალზე მოწვეული მწერლები ამბობენ, რომ აუცილებელია, ახალგაზრდა თაობა იცნობდეს ლიტერატურას საბჭოთა პერიოდში დამყარებული რეჟიმის შესახებ. მათი თქმით, ამ გზით მათ არ დაავიწყდებათ საკუთარი ქვეყნის ისტორია და ის, თუ რა გზა განვლეს მათმა წინაპრებმა.

„ შეუძლებელია იცხოვრო საქართველოში და ვერ ხედავდე იმას, თუ რას აკეთებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რომ ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ თუ მკითხველი ამას ვერ ხედავს და ვერ გრძნობს, ალბათ ჩემთვის ძალიან რთული იქნება მასში ამ გრძნობების გაღვივება. იმ შემთხვევაში კი თუ მკითხველს ესმის რაზე ვწერ ვეცდები, მოვძებნო გზა, რომელიც მის მსოფლმხედველობასთან დამაკავშირებს. მკითხველი უნდა გრძნობდეს, რომ მე არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მისი ქვეყნის პრობლემებზეც ვწერ. საქართველოსა და უკრაინაში ერთი და იგივე მდგომარეობაა. დაახლოებით ასევეა ბალტიის ქვეყნებშიც. ბელარუსზე საუბარსაც კი აღარ აქვს აზრი. მე ვფიქრობ, რომ ბელარუსში ახალგაზრდა თაობამ იცის რაზეც არის საუბარი. ამიტომ, როცა ამ საკითხზე საუბრობ, ეს სწორედ მათი თემაა“, – მიიჩნევს პოეტი და ესეისტი ალექსეი ცვეტკოვი.

“მაშინ, როცა უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენ არ გვჯეროდა, რომ კულტურას ამ დროს რაიმეს გაკეთება შეეძლო. ეს რწმენა გაგვიქრა, რადგან გარშემო ხალხი იხოცებოდა, იტანჯებოდნენ ჩვენი ნათესავები, მეგობრები. თითქოს ყველაფერი, რასაც აქამდე ვწერდით ფუჭი იყო. თავდაპირველად, მე აღვწერდი იმას თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. ამის შემდეგ კი მე გადავწყვიტე სხვანაირად მოვქცეულიყავი. როდესაც ახალგაზრდა ხალხი, მოხალისეები ომში მიდიან მათ იციან, რომ ქვეყნისთვის თავს წირავენ. ამასთან დაკავშირებით ერთ ფსიქოლოგს ვესაუბრე, რომელიც მოხალისეებს ომისთვის ამზადებდა. მე კი ვფიქრობ, რომ ხალხი ომში უნდა მიდიოდეს იმისთვის, რომ იბრძოლოს და გადარჩეს. არა იმიტომ, რომ დაიხოცონ და გმირები გახდნენ. უკრაინულ კულტურაში კი გმირი მხოლოდ გარდაცვლილია“, – ამბობს პოეტი იულია იაკიმჩუკი.

დისკუსიაში  მონაწილე მწერლები თავიანთ ცხოვრებისეულ და შემოქმედებით გამოცდილებაზე საუბრობდნენ.

მწერლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ახალგაზრდა თაობას მსგავს თემებზე წერა აღარ მოუწევს, მით უმეტეს, პირადი გამოცდილების მიხედვით.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend