მთავარი სპორტი საქართველოს მხატვრული ცურვის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბელარუსის ტურნირისთვის ემზადება

საქართველოს მხატვრული ცურვის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბელარუსის ტურნირისთვის ემზადება

პანდემიის გამო რთული მოსამზადებელი პერიოდის მიუხედავად, ქართველმა გოგონებმა მხატვრულ ცურვაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. მწვრთნელების ლიკა ბოკერიას, მანანა ჩანქსელიანისა და გუნდის უფროსის, იანა მელიქიანის ხელმძღვანელობით ხორვატიაში მხატვრულმა მოცურავეებმა, ანი ყიფიანმა და ანა გვასალიამ წყვილთა თანრიგში მერვე ადგილი დაიკავეს.

ანი ყიფიანისთვის ეს პირველი ევროტურნირი იყო.

„ასეთი დონის შეჯიბრზე პირველად ვიასპარეზე. არ ველოდით ასეთ შედეგს და ძალიან კმაყოფილები ვართ“, -ამბობს ახალგაზრდა სპორტსმენი.

ანი ყიფიანის მეწყვილემ ანა გვასალიამ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის შემდეგ კარიერა დაასრულა და მეგობრებს მომდევნო შეჯიბრზე გულშემატკივრის რანგში შეუერთდება.

„ამ სპორტმა სწორი გადაწყვეტილებების მიღება, მეგობრობა, ცხოვრება მასწავლა. ჯერ არ ვიცი ამის გარეშე რას ვიზამ“ – თქვა უკვე ყოფილმა მხატვრულმა მოცურავემ.

საქართველოს მხატვრული ცურვის ნაკრებს ასეთი წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

15 წლის მარია ალავიძემ ინდივიდუალურ გამოსვლაში მეექვსე ადგილი დაიკავა.

ამბობს, რომ შემდეგ ტურნირზე აუცილებლად შეეცდება, რომ გახდეს ჩემპიონი.

„ასეთ დიდ ტურნირზე მესამედ ვიყავი. ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდით. თორმეტეულში მოხვედრის იმედი გვქონდა, თუმცა მეექვსე ადგილი მოულოდნელი იყო და ამან ძალიან გაგვახარა“ – განაცხადა მარია ალავიძემ.

ეს საცურაო კომპლექსი ნეპტუნია. აქ გოგონებს ვარჟიშის შესაძლებლობას აძლევენ,   რადგან მხატვრული ცურვის გუნდს საკუთარი საწრთვნელი ბაზა არა აქვს.

საქართველოს მხატვრული ცურვის ნაკრების მწვრთნელი მანანა ჩანქსელიანი ამბობს, რომ ფედერაცია და „ნეპტუნის“ სპორტკომპლექსი მათ ძალიან ეხმარებიან, თუმცა უკეთესი შედეგისთვის მეტი ხელშეწყობაა საჭირო და აუცილებელია სპონსორი, რომელიც სპორტსმენებს მაღალი დონის ტურნირებისთვის მოსამზადებლად შესაბამის პირობებს შეუქმნის.

„ყველაფერს აკეთებს ფედერაცია და ჩვენი კლუბი, რომელიც ვარჯიშის საშუალებას გვაძლევს. უფრო დიდი მიღწევებისათვის საჭიროა ბაზა, სადაც ვარჯიშისთვის დრო გვექნება. ბავშვებში სპორტის ეს სახეობა პოპულარული უნდა გახდეს. ჩვენ გვაქვს მხატვრული ცურვის ჯგუფები და გვინდა რომ პატარებიც შემოგვიერთდნენ“, – თქვა მანანა ჩანქსელიანმა.

მხატვრული ცურვის ნაკრებისთვის შემდეგი გამოწვევა ბელარუსის ღია ჩემპიონატია. ბრესტის ტურნირისთვის ანი ყიფიანთან და მარია ალავიძესთან ერთად ნიტა ვასაძე, თეკლა გოგილიძე და ნიტა ნათაბაძე ემზადებიან. ახალგაზრდა გოგონები შეეცდებიან მეგობრებს მიბაძონ და მნიშნველოვან ტურნირზე წარმატებით იასპარეზონ.

ბრესტში ტურნირი 18 ნოემბერს დაიწყება. ამის შემდეგ ქართველი მხატვრული მოცურავეები ევროპის, მსოფლიოსა და სხვა მნიშვნელოვანი ჩემპიონატებისთვის მოემზადებიან და უფრო გამოცდილ მეტოქეებს შეეჯიბრებიან.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend