მთავარი საქართველო „მოდი, ავიცრათ ერთმანეთისთვის“

„მოდი, ავიცრათ ერთმანეთისთვის“

18 ოქტომბერს „ვაქცინაციის მარათონი“ საქართველოს 49 დიდ სოფელში დაიწყო

შიდა ქართლი. სოფელი კავთისხევი. უფრო ზუსტად კი სოფელ კავთისხევის ამბულატორია. აქ ის მოქალაქეები არიან, რომლებიც ვაქცინაციის მარათონში ერთ-ერთი პირველები ჩაერთნენ და აცრა გადაწყვიტეს. ამბობენ, რომ აცრა აქამდეც უნდოდათ, თუმცა სოფლიდან ქალაქში ჩასვლას სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებდნენ. ყველაზე ხშირად ეს მიზეზი უტრანსპორტობა იყო.

„ასაცრელად ვარ მოსული. უნდა ავიცრა იმისათვის, რომ ჯანმრთელი ვიყო. თუ კორონა დამემართება, გადავიტანო. მოხუცი ქალი ვარ, 86 წლის. აუცილებლად უნდა ავიცრა, ყველა ამას ამბობს. თუ აცრილი არ ვიქნები, მოვკვდები, მე კი სიცოცხლე მინდა, ჯერ არ მინდა სიკვდილი. მართალი არ ვარ?“ – ამბობს სოფელ კავთისხევის მკვიდრი თინა მიქუტიშვილი.

„აცრა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ჯანმრთელად ვიყო. ასევე ჩემი შვილებისა და ქვეყნისთვის“, – აღნიშნავს ჟუჟუნა შეშაბერიძე სოფელ კავთისხევის მცხოვრები

„გადავწტყვიტე, რომ გამეკეთებინა აცრა. მოვედი და გავიკეთე. აქამდე ვერ მოვახერხე, რადგან ტრანსპორტის საშუალება არ იყო, რომ კასპში ან თბილისში ჩავსულიყავი ასაცრელად“, – ამბობს გურამ ოთიაშვილი კავთისხევის მცხოვრები.

დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები, შიდა ქართლის იმ ოთხ სოფელს ეწვივნენ, საიდანაც ვაქცინაციის მარათონი დაიწყო. აცრამდე და მის შემდეგაც ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე ესაუბრებოდნენ და მათ კითხვებს პასუხობდნენ. ბევრ სხვა შეკითხვასთან ერთად, ამირან გამყრელიძეს კიდევ ერთხელ მოუწია აეხსნა, შეიძლება თუ არა აცრის შემდეგ ალკოჰოლის მიღება.

„დალევა შეიძლება თუ არა? აცრის შემდეგ ერთი ჭიქა შეგიძლიათ სადილზე“, -განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

შემდეგ კი მედიასთან პანდემიის უკვე დაწყებულ მეხუთე ტალღაზე, „დელტა შტამის“ სიძლიერეზე, გაუარესებულ ეპიდვითარებასა და შეზღუდვებზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„მე მომხრე ვარ სავალდებულო ვაქცინაციის. პირველ რიგში ახლა გჭირდება, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი იყოს 95%, ახლა ეს მაჩვენებელი 47%-ია. პირველი რეკომენდაცია სწორედ ეს არის. მეორე – დისტანციის დაცვაა. მესამე კი დიდი შეკრებებისგან თავის არიდება და მეოთხე, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია. თუ ყველა ავიცრებით, აღარ დაგვჭირდება იმ ტიპის შეზღუდვები, რომლებიც წინა გაზაფხულზე დავაწესეთ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის თანახმად, საქართველოს კოვიდკლინიკებში ინფიცირებულთა 95% ვაქცინირებული არ არის. კოვიდრეანიმაციაში კი პაციენტთა 98% აუცრელია. კლინიკებში ყველაზე ხშირად 60 წელს გადაცილებული ინფიცირებულები ხვდებიან, სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტროს მიზანი ყველა იმ პირის აცრაა, ვინც 60 ან მეტი წლის არის.

„მნიშვნელოვანია, ავცრათ 60 წელს ზემოთ მოქალაქეების 100%, ვინაიდან სწორედ ისინი ხვდებიან კორონავირუსის გამო კლინიკებში და სწორედ ამ ასაკშია კოვიდ-19-ით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, მინდა, ვთხოვო ყველა ახალგაზრდას, რომელიც აცრას გეგმავს, ჯერ აცრას მშობლები, ბებია-ბაბუები და შემდეგ აიცრან თვითონ“, – თქვა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

„მოდი, ავიცრათ ერთმანეთისთვის“ – ამ წარწერით  მიკროავტობუსი 49 სოფელში ივლის. სოფლად მცხოვრები მოქალაქეების აცრის პროცესში ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის გარდა, მოძრავი ამბულატორიაა ჩართული.  ვისაც  აცრის პუნქტამდე მისვლა არ შეუძლია, მასთან მოძრავი ამბულატორიის ექთნები მივლენ და სახლში აცრიან.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

00:03:04

Send this to a friend