მთავარიკუბიფეისბუკი ე.წ. მეტავერსის შესაქმნელად ევროკავშირში 10 000 ადამიანს დაასაქმებს

ფეისბუკი ე.წ. მეტავერსის შესაქმნელად ევროკავშირში 10 000 ადამიანს დაასაქმებს

მომდევნო 5 წლის განმავლობაში ფეისბუკი ევროკავშირში 10 000 ადამიანს დაასაქმებს ახალ პლატფორმაზე სამუშაოდ, რომელსაც „მეტავერსს“ უწოდებენ. ეს სიტყვა განიმარტება, როგორც ვირტუალური რეალობის სივრცე, სადაც მომხმარებლებს ერთმანეთთან და კომპიუტერით გენერირებულ გარემოსთან ინტერაქცია „ავატარებით“ შეეძლებათ.

ფეისბუკში აცხადებენ, რომ „მეტავერსში“ ურთიერთობა ძალიან ემგვანება რეალურ სამყაროში ადამიანებთან ურთიერთობას და პლატფორმას ექნება პოტენციალი, რომ გააჩინოს ახალი შემოქმედებითი, სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობები.

ახლა ფეისბუკისთვის საკმაოდ რთული პერიოდია. ახლახან, კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წინაშე ისაუბრა და კომპანია დაადანაშაულა. მისი თქმით, ფეისბუკი არ დგამს საკმარის ნაბიჯებს მომხმარებლების დასაცავად და უფრო დიდ პრიორიტეტს ფინანსურ სარგებელს ანიჭებს.

ფეისბუკი ამ ახალ ინიციატივაზე საუბრისას აცხადებს, რომ „მეტავერსს“ არ ეყოლება ერთი მფლობელი, — პლატფორმის ფუნქციონირება გარკვეულწილად მომხმარებლების, კომპანიების, დეველოპერებისა და პოლიტიკოსების თანამშრომლობაზე იქნება დამოკიდებული.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ინიციატივის განსახორციელებლად ევროპის რეგიონი რამდენიმე მიზეზის გამო შეარჩიეს, — ევროკავშირი ფეისბუკისთვის ძალიან დიდ ბაზარს წარმოადგენს, გარდა ამისა, იქ უმაღლესი დონის მრავალი უნივერსიტეტია.

„ევროპა უმნიშვნელოვანესი რეგიონია ფეისბუკისთვის. ევროკავშირში მილიონობით კომპანია იყენებს ჩვენს აპლიკაციებსა და სერვისებს, იქ ჩვენ ათასობით თანამშრომელი გვყავს. ევროპას ჩვენს წარმატებაში დიდი როლი აქვს, ისევე როგორც ფეისბუკს აქვს წვლილი ევროპული კომპანიებისა და ეკონომიკის წინსვლაში“, — ვკითხულობთ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend