მთავარისაქართველო15 ოქტომბერს მსოფლიო თეთრი ხელჯოხის დღეს აღნიშნავს

15 ოქტომბერს მსოფლიო თეთრი ხელჯოხის დღეს აღნიშნავს

15 ოქტომბერს მსოფლიო თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თეთრი ხელჯოხი უსინათლოთა და მცირემხედველთათვის მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ის მათ სივრცეში ორიენტაციასა და დამოუკიდებლად გადაადგილებაში ეხმარება. მაგრამ ხელჯოხი მათ ვერაფრით დაეხმარება მაგალითად, ჩქაროსნული ქუჩის გადაკვეთაში. ამისათვის მხოლოდ ხმოვანი შუქნიშნები გამოდგება.

თბილისში 353 შუქნიშნიდან ხმოვანი სიგნალი 42-ს დაუმონტაჟდა, თუმცა როგორც უსინათლოები ამბობენ, ეს საკმარისი არ არის.

6 წელია, რაც დავით ბიბილეიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე აქტივისტია. დავითს მხედველობა სრულად დაკარგული არ აქვს.  მას ფერებისა და სილუეტების გარჩევა შეუძლია. ამიტომაც, ხშირად დამოუკიდებლად გადის ქუჩაში, მაგრამ რადგანაც თბილისის ყველა ქუჩა უსინათლოთათვის ადაპტირებული არ არის, ამბობს, რომ ხშირად საფრთხეში იგდებს სიცოცხლეს.

„ხმოვანი შუქნიშნები არის ძალიან კარგი, რადგან დამოუკიდებლად ზებრაზე გადასვლაში გეხმარება, თუმცა ზებრამდე რომ მიხვიდე სხვა ზებრები უნდა გაიარო. იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი არის ფრაგმენტული. ხმოვანი შუქნიშნების რამდენიმე ადგილზე დამონტაჟება რეალურ სურათს არ ცვლის. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ავტობუსებში თითოეული გაჩერება უნდა გამოცხადდეს. უკვე წლებია ეს მუშავდება, მაგრამ ფაქტობრივად ეს ყველაფერი მხოლოდ დაპირებად დარჩა. ტაქტილური ბილიკები უსინათლო და მცირემხედველებისთვის, ხმოვანი შუქნიშნები, აპლიკაციები, რომლებიც გაამარტივებს ჩვენთვის გადაადგილებას- ეს ის საკითხებია, რომლებიც გადაადგილების კუთხით დიდ გამოწვევას წარმოადგენს“, -ამბობს დავით ბიბილეიშვილი.

ესმა გუმბერიძე თბილისის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკოორდინაციო საბჭოს წევრია. მას ევალება, რომ თბილისის მერიას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახდეს თბილისი უსინათლოთათვის უფრო მოხერხებული.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსინათლოებს ვასწავლოთ გადაადგილება. იმ გარემოში, რომელიც მე შემასწავლეს შემიძლია დამოუკიდებლად გადავაადგილდე. შესაბამისად ადამიანი, რომელიც იცვლის სამუშაო ან საცხოვრებელ ადგილს, მან აუცილებლად უნდა შეისწავლოს გარემო იმისთვის, რომ დამოუკიდებლად იარსებოს. არსებობს მერიის სამოქმედო გეგმა, რომელიც 2025 წლამდე უნდა შესრულდეს, სადაც გაწერილია ის, რომ უნდა გახმოვანდეს გაჩერებები, ასევე თითო რაიონის გამგეობას უნდა დაევალოს სტაჟიორებად შშმ პირების აყვანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გეგმა შესრულდეს“,- მიიჩნევს ესმა გუმბერიძე.

უფლებადამცველი ანა არგანაშვილის თქმით, იმით, რომ ქალაქი არ არის უსინათლოთათვის საკმარისად  ადაპტირებული, არა მხოლოდ მათი გადაადგილების უფლება ირღვევა, არამედ ყველა სხვა უფლება, რომლის დაცვისათვისაც გადაადგილება არის საჭირო.

„მაგალითად, თუ უსინათლო ადამიანს სჭირდება სასამართლოში მისვლა და მართლმსაჯულების მოთხოვნა, ამას ვერ გააკეთებს თუ გადაადგილებისა და მისაწვდომობის უფლებაც არ აქვს ქუჩაში. დღეს რეალურად ყველა სხვა უფლება ზიანდება, მათ შორის სამოქალაქო პოლიტიკური უფლებები ამ გადაადგილების შეზღუდვის გამო. ყველაზე უფრო რეგულარული გვაქვს სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც ყოველ წელს წარედგინება პარლამენტს. ამ ანგარიშში წერია, რომ უსინათლო ადამიანებისთვის არ არის ხელმისაწვდომი გარემო, ტრანსპორტი, ქუჩები, შენობები. პირველ რიგში უნდა გვქონდეს სწორი ხედვა, რომელიც იქნება შესაბამისი ბიუჯეტით განმტკიცებული. ჩვენს მთავრობას აქვს ზოგადი ხედვა ამასთან დაკავშირებით. უმეტესად პრობლემებს ან არ აღიარებს ან ნაწილობრივ ჭრის“, – განაცხადა უფლებადამცველმა ანა არგანაშვილმა.

საქართველოში თეთრი ხელჯოხის დღე 2011 წლიდან აღინიშნება. უფლებადამცველები ამბობენ, რომ იმისათვის, რათა ქვეყანაში შშმ პირებს სრულფასოვნად შეეძლოთ ცხოვრების მიმდინარეობაში ჩართვა,  აუცილებელია უსინათლოთა გადაადგილებასთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემები დროულად მოგვარდეს.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend