მთავარისაქართველო15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა

15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა

სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2007 წელს დაარსდა და მისი მიზანი, სოფლად მცხოვრები ქალების ხელშეწყობაა.

გაეროს განვითარების პროგრამამ მთავრობის ადმინისტრაციასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ქალი მეწარმეებისათვის კონკურსი ჩაატარა, რომლის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ. “ევრონიუს ჯორჯია” კონკურსში გამარჯვებულ ერთ-ერთ მეწარმე ქალს რუსუდან ვარცხავას ბოლნისში ეწვია და მის საქმიანობას გაეცნო.

32 წლის რუსუდან ქვარცხავა ბოლნისში ცხოვრობს.  სახლში მას პურის საცხობი აქვს მოწყობილი. მისმა გამომცხვარმა პურმა, უკვე მთელ რაიონში გაითქვა სახელი.  რუსუდანი ფქვილს საგულდაგულოდ არჩევს და ცხობის პროცესსაც არასდროს აჩქარებს. როგორც თვითონ ყვება, სანამ თავის ნახელავს ბიზნესად აქცევდა, პურს ოჯახის წევრებისათვის აცხობდა.

„პანდემიის დროს მომინდა, რომ ოჯახი გადამეყვანა ბუნებრივ პურით კვებაზე, დავიწყე ნელა-ნელა, ეს ჩემი საფუარი დავხვეწე. სამსახურში დამქონდა პური და იქ გაჩნდა იდეა, რომ ეს პურები გამხდარიყო ჩემი ბიზნესიც,. დღეს უკვე რაიონში მიცნობენ მე და ჩემს პურებს“, – ამბობს რუსუდანი.

გაეროს განვითარების პროგრამის კონკურსის შესახებ შემთხვევით გაიგო, იმასაც არ ელოდა, რომ გამარჯვებულებს შორის მოხვდებოდა. ახლა კი უკვე გეგმებს აწყობს უნდა, რომ მოგებული თანხით მინი-საწარმო მოაწყოს.

„მიღებული ჰონორარით მინდა, რომ მინი-საწარმო გავაკეთო. აუცილებლად მჭირდება საცხობი და საზელი, იმიტომ რომ ყოველდღე მარტო, ჩემი ხელებით ვზელ ამ ყველაფერს. პროექტში მონაწილეობის მიზანიც ეს იყო რომ მინი-საწარმო გამემართა“, – ამბობს რუსუდანი.

გაეროს განვითარების პროგრამის 2021 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოში პანდემიით გამოწვეულ სიტუაციას გენდერულ ჭრილში აფასებს წერია, რომ დასაქმებული ქალების 20%-მა და დასაქმებული კაცების 15%-მა პანდემიის გამო დაკარგა სამსახური.

საქართველოს მოსახლეობის 40% აცხადებს, რომ პანდემიის დროს საოჯახო საქმემ იმატა, მაგრამ ქალებისთვის ეს ტვირთი  განსაკუთრებულად დამძიმდა.საქართველოში ქალების ორ მესამედს საოჯახო საქმიანობაში არავინ ეხმარება.

როგორც გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ამბობენ, ეს მონაცემები სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემებს ნათლად ასახავს, სწორედ ამიტომაა მათი ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანი.

„ეკონომიკურად ძლიერ ქალებს, სოფლად თუ ქალაქად, შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში, გააძლიერონ საკუთარი ოჯახი თემი, სოფელი და ქალაქი, თუმცა ამას გარდა ეკონომიკურად ძლიერ ქალებს შეუძლიათ უკეთესად დაიცვან საკუთარი უფლებები“, – ამბობს UNDP-ის გენდერული თანასწორობის მიმართულების ხელმძღვანელი ლელა აქიაშვილი.

სოფლად მცხოვრები ქალები ყოველდღიურად არაერთ პრობლემას ხვდებიან.  პრობლემა ყოველთვის გამოწვევააა, თუმცა ზოგისთვის ეს გამოწვევა ახალი შესაძლებლობის დასაწყისი ხდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend