მთავარისაქართველო14 ოქტომბრის აქციის პოლიტიკური შეფასებები

14 ოქტომბრის აქციის პოლიტიკური შეფასებები

5 000, 15 000, 50 000… ვერსია ბევრია. ჯერ ზუსტად არავინ იცის რამდენი ადამიანი მივიდა ქვეყნის მთავარ – თავისუფლების მოედანზე 14 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე.

ითვლის ყველა – ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც. თუმცა, ერთში ყველა თანხმდება – ეს აქცია ყველაზე მასშტაბური იყო ბოლო წლების განმავლობაში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულ აქციაზე მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით არ მისულა ხალხი. ამ აქციის ფართო პოლიტიკური სურათით, მთავარი, რაც პოლიტიკურმა ძალებმა უნდა დაინახონ – ეს არის ცვლილებების მკაფიო მოთხოვნა.

„როდესაც პანდემიის პერიოდში ამდენი ადამიანი იკრიბება, ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას ცვლილებები უნდა – გუშინ ძალიან ბევრი ხალხი იყო და ამ ფაქტის უარყოფა შეუძლებელია. „ქართული ოცნება“ კვლავ სამარცხვინო მცდელობაშია, როდესაც თვალს იბრმავებს და თეთრზე ამბობს, რომ შავია.გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად არჩევნებში მონაწილეობას და გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს“, – თქვა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ.

მრავალათასიან საპროტესტო აქციას აფასებენ მმართველ გუნდშიც. „ქართული ოცნების“ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ  მათთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ადამიანი იყო  აქციაზე მისული, რადგან ამ აქციის მთავარი მოთხოვნა – პატიმრობიდან გათავისუფლდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ვერ დაკმაყოფილდება. ამის არგუმენტად „ქართულ ოცნებაში“ საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი მოჰყავთ, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს ექვსწლიანი პატიმრობა ელის.

“აქციაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ არაფერი დამანახა. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და 14-15 ათასი ადამიანი შეიკრიბება, თუ როგორც რუსულმა მედიამ აღნიშნა – 100 ათასი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს საკითხის არსს და ეს არსი არ იცვლება – მიხეილ სააკაშვილი არის მთელ რიგ საკითხებში დამნაშავე, მის ირგვლივ მთელი საკითხები კიდევ არის განსახილველი და კიდევ უამრავი საკითხია, რომელზეც მას სამართლებრივი პასუხი არ მოსთხოვია. აქედან გამომდინარე, ყველას პატივი უნდა ვცეთ, ვისი პოლიტიკური მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თავს ვერ მოვახვევთ სასამართლოს, ასეთი დამოკიდებულებაც რომ იყოს“, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

აქციით კმაყოფილია პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება – ამბობენ მისი თანაპარტიელები, თუმცა ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend