სოფელი ლაჰიჯი აზერბაიჯანში ნიალის მთების ხეობაში მდებარეობს – ბაქოს დასავლეთით დაახლოებით სამი საათის სავალზე. ამ სოფლის ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩები, მდინარიდან მოზიდული ქვით ნაშენი სახლები, საამქროები და მაღაზიები ზუსტად ისეთივე სახისაა, როგორც საუკუნეების წინ.
ლაჰიჯი დიდი ხანია განთქმულია, როგორც ხელოსნების სოფელი. აქ ამუშავებენ ტყავს და ქსოვენ ხალიჩებს. მაგრამ ყველაზე მეტად ეს სოფელი სპილენძის დამუშავების ოსტატებით არის ცნობილი. აქ გამოჭედილი სპილენძის მოვარაყებული ნივთები ამ პატარა სოფლის სიმბოლოდ იქცა.
ქებლეი ალიევი, მჭედელი:
„ეს სამჭედლო 300 წლისაა. იგი 1725 წელს გაიხსნა და ისევ მოქმედია. ჩემი წინაპრებიდან ყველა – დიდი ბაბუები, ბიძები, მათი შვილები – ამ სამჭედლოში მუშაობდა. მე აქ ხუთი წლის ასაკიდან ყოველდღე მოვდივარ სამუშაოდ. ახლა 50 წლის ვარ, ჩემი შვილები ოჯახის მერვე თაობა იქნება, რომელიც აქ იმუშავებს.“
სპილენძის ჭედურობა ლითონის დამუშავების ერთ-ერთი უძველესი ფორმაა. სპილენძის ნივთების დეკორტიული ჭედურობის ტრადიცია რამდენიმე ათას წელს ითვლის და თითქმის მაშინვე ჩაეყარა საფუძველი, როგორც კი ადამიანმა სპილენძის მოპოვება დაიწყო.
ამ ხნის განმავლობაში სპილენძის დამუშავების მეთოდები თითქმის არ შეცვლილა. ადგილობრივი მჭედლები ისეთ ტრადიციულ იარაღებს იყენებენ, როგორებიცაა ურო და საჭრეთელი. ეს მძიმე სამუშაოა, რომელიც ძალას, ამტანობასა და მოთმინებას მოითხოვს.
ჰაჯი ალიევი, სპილენძის ხელოსანი:
„ ქებლეი სპილენძისგან ჭურჭელს ამზადებს და კალავს, მე კი ორნამენტებს ვაკეთებ. ყოველი ნივთი უნიკალურია, ყველას ერთნაირად ვერ მოჭედავ, თითოეული მათგანი განსხვავებულია. შთაგონებას ჭურჭლის ფორმა მაძლევს. მხოლოდ საჭრეთლით ვმუშაობ. ორნამენტს წინასწარ ფანქრითაც კი არ ვხატავ, ჯერ გონებაში ვხედავ და მერე ვიწყებ ჭედვას.“
დღეს ლაჰიჯში დამზადებული სპილენძის ჭურჭელი მსოფლიოში ცნობილ მუზეუმებშია გამოფენილი, მათ შორის პარიზშიც – ლუვრის მუზეუმში. ეს ნივთები ადგილობრივებსაც ძალიან მოსწონთ.
ქამალ ალიევი, ლაჰიჯის ისტორიისა და კულტურის დაცვის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი:
„სპილენძის დამუშავების ხელობა ლაჰიჯში საუკუნეებს ითვლის. გვაქვს მტკიცებულება, რომ სუფრის ინვენტარს აქ ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში ამზადებდნენ. გარდა ამისა, არქეოლოგებმა აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში იპოვეს სპილენძის მონეტები, რომლებიც ლაჰიჯში შუა საუკუნეებში მოიჭრა. ვიცით ასევე, რომ ლაჰიჯში 1923 წელს 200-ზე მეტი მოქმედი სპილენძის სამჭედლო იყო.“
2015 წელს სპილენძის ჭედურობა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა.
ავტორი: ანდრეა ბოლითო