მთავარიგადაცემებიCULTტაშკენტის საერთაშორისო კინოფესტივალი დაბრუნდა

ტაშკენტის საერთაშორისო კინოფესტივალი დაბრუნდა

ტაშკენტის საერთაშორისო კინოფესტივალი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ დაბრუნდა და თან რჩეული ვარსკვლავების კოჰორტა მოიყვანა.

ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა კინემატოგრაფებისთვის უნიკალური კონკურსი ჩატარდა.

ლიუკ ბესონი, ფრანგი კინორეჟისორი:

„უზბეკური კინო 100 წლისაა, ამიტომ დროა, ადგილი  ახალგაზრდებს დაუთმოს!“

კონკურსზე წარდგენილი ყველა მოკლემეტრაჟიანი ფილმი მთელი უზბეკეთის მასშტაბით ხუთ დღეში გადაიღეს. მთავარი პრიზი გადაეცა ფილმს „აბრეშუმის გზაზე.“ ამ ისტორიულმა სავაჭრო გზამ სახელი თავად კინოფესტივალსაც გაუზიარა – მას „აბრეშუმუს გზის მარგალიტი“ უწოდეს.

შერზოდ ნაზაროვი, მთავარი პრიზის მფლობელი:

„ჩვენთვის მთავარი ამ ფესტივალში მონაწილეობა იყო, რათა გვენახა, რა ფილმები გადაიღეს ჩვენმა კოლეგებმა ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, ესპანეთიდან… ჩვენ მათ დავუმეგობრდით – ჩემი აზრით, ესაა მთავარი!“

მადინა მახმუდოვამ „ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის“ ტიტული მოიპოვა თავისი ნამუშევრისთვის ფილმში, რომელიც ახალგაზრდა უზბეკმა რეჟისორმა საიდალოხან მასუდხანოვმა გადაიღო. მას ჟიურის სპეციალური პრიზი გადეცა.

საიდალოხან მასუდხანოვი, ჟიურის პრიზის მფლობელი:

„ჩვენს ფილმს „ობიექტივი“ ჰქვია. ჩვენს მთავარ გმირს ფოტოკამერით ვაკვირდებით – ეს ფილმი სიყვარულზეა. ამ ფილმში ექსპერიმენტის ჩატარება ვცადეთ და მგონია, რომ გამოგვივიდა.“

შემოქმედებითი ექსპერიმენტები ფესტივალის მთავარი აქცენტია. ეს ფესტივალი გეგმავს, რომ რეგიონული ჰაბი გახდეს, რომელიც შუა აზიაში კინოინდუსტრიის ინოვაციებს შეუწყობს ხელს. წელს ფესტივალს 350-ზე მეტი კინორეჟისორი დაესწრო 40-ზე მეტი ქვეყნიდან.

ფირდავს აბდუხალიკოვი, ტაშკენტის საერთაშორისო კინოფესტივალის პრეზიდენტი:

„ჩვენი მიზანია, რომ მთელი მსოფლიოს კინემატოგრაფების ძალისხმევა გავაძლიეროთ,  რომ ახალი მძლავრი პლატფორმა შევქმნათ, სადაც ჩვენი კინოფესტივალის ფარგლებში ბრწყინვალე იდეებს განვიხილავთ, გავცვლით პროექტებს და, რა თქმა უნდა, ეს პროექტები უზბეკეთის კინოინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს.“

ტაშკენტის საერთაშორისო კინოფესტივალს დიდი ხნის ისტორია აქვს.  1968 წლიდან მოყოლებული იგი ცნობილი ფორუმი იყო აზიელი, აფრიკელი და ლათინოამერიკელი კინორეჟისორებისთვის. მაგრამ ეს სახელგანთქმული ფესტივალი 1997 წელს შეჩერდა და მხოლოდ წელს განახლდა უზბეკეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.

ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა კინემატოგრაფებისთვის ტრენინგები და მასტერკლასებიც ჩატარდა.

ანა გუდკოვა, პროდიუსერი:

„აქ ახალგაზრდა პროდიუსერებს დიდი პრაქტიკული ცოდნის შეძენა შეუძლიათ, როგორი უნდა იყოს დებიუტი, რა სიახლეებია ინდუსტრიაში, როგორ მუშაობს კინოინდუსტრია ონლაინპლატფორმის ეპოქაში და როგორ ვითარდება ინტერნეტი – თითოეული ასეთი ღონისძიება უაღრესად ინფორმატიულია, პრაქტიკული და სასარგებლოა, და რაც მთავარია, ერთმანეთთან შეხვედრის საშუალებას იძლევა, რაც  ამ პროფესიის ერთ-ერთი საფუძველია.“

ამიერიდან ტაშკენტის განახლებული საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება – მომავალ წელს  იგი ისევ მოიწვევს სტუმრებს მთელი მსოფლიოდან.

ავტორი: დენის ლოქტიე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend