მთავარისაქართველოსაქართველოს ეროვნული მუზეუმი პომპეის საგანძურს მასპინძლობს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი პომპეის საგანძურს მასპინძლობს

კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ქალაქი… სიცოცხლით სავსე პომპეი ახალი წელთ აღრიცხვით 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ ფერფლად იქცა.

საუკუნეები გავიდა და პომპეი კვლავ წარდგა თანამედროვეთა წინაშე – არქეოლოგებმა ფერფლით დაფარული ქალაქი წარმოუდგენელი სისავსით აღმოაჩინეს.

დღეს ანტიკური იტალიის სამყაროში მოგზაურობა თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმშია შესაძლებელი. გამოფენა სახელწოდებით „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი” ძველი რომის ქალაქის პომპეის შესახებ მოგვითხრობს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის თქმით, პომპეი ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის, ამიტომაც ნებისმიერი მუზეუმისთვის საინტერესოა უმასპინძლოს მას.

„ერთი მხრივ, გავავრცელოთ უკვე არსებული ინფორმაცია, ხოლო მეორე მხრივ, დავსახოთ ახალი კვლევის გეგმები. მთლიანობაში საქართველოსთვის ძალიან პრინციპულია, რომ იყოს არამხოლოდ ექსპორტიორი და ჩვენ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, არამედ ამავე დროს ვიყოთ იმპორტიორებიც“, – ამბობს დავით ლორთქიფანიძე.

მუზეუმში წარმოდგენილი არქეოლოგიური მასალა ძველი რომის დიდებული ქალაქის პომპეის მდიდრულ ცხოვრებასა და ტრაგიკულ დასასრულს ასახავს.

გამოფენაზე წარმოდგენილია კედლის მხატვრობის ნიმუშები, სახლის სხვადასხვა ნაწილში აღმოჩენილი მრავალფეროვანი ნივთები და ოქრომჭედლობის გამორჩეული ნიმუშები.

მუზეუმში ასევე წარმოდგენილია პომპეის მკვიდრთა თაბაშირის მოდელები, რომლებიც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ფერფლმა ერთ წამში დაფარა. საგამოფენო დარბაზებში შესული დამთვალიერებელი თითქოს რომაულ სამყაროში შეაბიჯებს და ანტიკური იტალიის ყოველდღიურ ცხოვრებას დააკვირდება.

„გამოფენაზე წარმოდგენილია მდიდარი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის ვილების მორთულობის ნივთები, როგორც არის ლარარიუმი, ოჯახის მფარველი ღვთაებების ფიგურული გამოსახულებებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დარბაზი, რომელიც ყველაზე მდიდრულად იყო მორთული, სადაც ბრინჯაოსა და ძვირფასი ლითონის ჭურჭელი და ფუფუნების საგნები იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს რომაული ოქრომჭედლობის ნიმუშები. ეს გამოფენა წარმოდგენილია ქართული არქეოლოგიური საგანძურის პირდაპირ და დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს გაიაზროს ჩვენი ოქრომჭედლობის ნიმუშები მსოფლიო კონტექსტში“, – თქვა გამოფენის კურატორმა სალომე გურულმა “ევრონიუს ჯორჯიასთან” საუბარში.

პომპეის არქეოლოგიურ გათხრებზე არქეოლოგები უკვე სამი საუკუნეა მუშაობენ. პომპეიმ კაცობრიობას შეუნახა ხსოვნა, თუ როგორ ცხოვრობდნენ 2000 წლის წინ რომის იმპერიის ქალაქებში. პომპეიში შენარჩუნებულია რომაული ქალაქების დამახასიათებელი შენობები – ტაძრები, თეატრი თუ აბანოები. პომპეის არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე იტალიური და ევროპული ესთეტიკის, არქიტექტურისა და სამზარეულოს ტრადიციების ჩამოყალიბებაში.

„საქართველოში იტალიის საელჩოსთვის გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში ისეთი არქეოლოგიური პარკიდან არის ექსპოზიცია ჩამოტანილი, რომელიც იტალიისთვისაც განსაკუთრებულია თავისი მრავალფეროვნებითა და კონსერვაციის ხარისხით. ეს გამოფენა გამორჩეულია არამხოლოდ არსებული ექსპონატებით არამედ ის დაკავშირებულია გარკვეულ ისტორიასთან, რაც სახელშიც აისახება. „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი”. აქ მოსულებს შეეძლებათ სრულფასოვნად დაათვალიერონ ეს გამოფენა, სანახაობრივი ასევე შინაარსობრივ ნაწილში“, – განაცხადა იტალიის ელჩმა საქართველოში ენრიკო ვალვომ.

პომპეის არქეოლოგიური აღმოჩენების ნახვა საქართველოში უკვე შესაძლებელი იყო ვანის განახლებულ მუზეუმში. ახლა კი დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს დროში გაქვავებული ქალაქი თბილისში ეროვნული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოინახულოს.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend