მთავარისაქართველომეხუთე ტალღის დასაწყისი თუ მეოთხე ტალღის გაგრძელება

მეხუთე ტალღის დასაწყისი თუ მეოთხე ტალღის გაგრძელება

12 ოქტომბერს საქართველოში ინფიცირების 4775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 31 აგვისტოს შემდეგ რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აზრი ორად გაიყო. ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში შესაძლოა პანდემიის მეხუთე ტალღა უკვე დაიწყო, მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ კოვიდ-19-ის დღევანდელი მაჩვენებელი იმ მეოთხე ტალღის გაგრძელებაა, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დასრულებულა. თუმცა ყველა მათგანი თანხმდება, რომ საქართველოში ეპიდვითარება უარესდება.

“დღეს გვაქვს კორონავირუსის საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელი. როგორც წინა კვირებში გეუბნებოდით, იგრძნობა კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების მატების დინამიკა. ამ ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე იყო 600-700-ით მეტი ახალი ინფიცირებული. დღეს, წინა სამშაბათთან შედარებით, დაახლოებით 2000-ით მეტი ახალი შემთხვევაა. გაუარესებულია პანდემიის ყველა ინდიკატორი. დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს გადასცდა“, – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

საქართველოში ე.წ. „ბუსტერ დოზებით“ აცრას სრულად აცრილი მოქალაქეები ოქტომბრის ბოლოსთვის შეძლებენ. ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მეორე დოზის მიღებიდან 6 თვის შემდეგ შეეძლებათ 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ასევე ნებისმიერი ასაკის ადამიანს, რომელსაც რომელიმე ორგანო აქვს გადანერგილი ან ქრონიკული დაავადებები აწუხებს.

ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ მოქალაქეებს,  რომლებიც „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინით სრულად არიან ვაქცინირებული და მოგზაურობისთვის „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა სჭირდებათ, შეუძლიათ დამატებითი დოზა მეორე აცრიდან 28 დღის შემდეგ მიიღონ. მათ ამცრელ ცენტრებში მოგზაურობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ და ასევე განმარტონ, თუ რისთვის სჭირდებათ დამატებითი დოზით აცრა.

„ე.წ. ბუსტერ დოზების“ შემთხვევაში ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს რეგისტრაციის გარეშეც და რეგისტრაციის გავლითაც. სისტემა მესამე დოზების მისაღებად გაიმართება მომდევნო კვირისთვის. ქრონიკული დაავადებების მქონე პირმა ვაქცინაციისთვის უნდა წარმოადგინოს ექიმის ცნობა ან ფორმა-100, რომელიც დაადასტურებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. 50 წელს ზემოთ პირს ცნობის წარდგენა არ სჭირდება, შეუძლია პირდაპირ დარეგისტრირდეს ე.წ. „ბუსტერ დოზის“ მისაღებად ან პირდაპირ მივიდეს ასაცრელად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის კლინიკებში 9 ათასამდე ადგილია. მათგან 4616 დაკავებულია. პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა კი ვაქცინაციაა, თუმცა ქვეყანაში აცრის ტემპი ჯერჯერობით დაბალია.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend