მთავარი საქართველო როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანდაყოლილი სისხლის დაავადების – „ტალასემიის“ შესახებ გახდა ცნობილი, რუსთავის მეთორმეტე საპატიმროში დილიდან მნახველები მიდიან.

პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა მოინახულეს. მათი თქმით, შიმშილობის მიუხედავად, მესამე პრეზიდენტი თავს მხნედ გრძნობს და საბრძოლო შემართებითაა. ასევე, მესამე პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაყვანაზე თანხმობას გამორიცხავს – ამბობენ მისი ადვოკატები.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მე პირადად განსაკუთრებული ცვლილებები ვერ შევნიშნე. ის ძალიან მხნედ გამოიყურება, ცოცხალია და სიკვდილს ნამდვილად არ აპირებს. ის ელოდება თავისუფლებას, რომლის მომტან ძირითად საშუალებად მას არჩევნებში გამარჯვება მიაჩნია. მან საკუთარ მომხრეებს შემოუთვალა, რომ თუ მასზე ზრუნვა სურთ, ეს არ არის წინასწარ გლოვა, არამედ არის არჩევნებში გამარჯვების უზრუნველყოფა, რაც დამოკიდებული იქნება მისი მომხრეების მონდომებაზე, ენერგიულობასა და ჩართულობას საარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტის თანდაყოლილი დაავადებების შესახებ საზოგადოებისათვის მისი პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძისგან გახდა ცნობილი. ექიმის თქმით, შიმშილობამ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმოს.

„მიშას აქვს სისხლის დაავადება “ტალასემია“. მე არასდროს არ მითქვამს ეს, მაგრამ დღეს მომცა ამის უფლება, რომ მეთქვა. ეს არ არის სასიკვდილო, მაგრამ არის რაღაც ლიმიტები და ერთ-ერთი ლიმიტი არის შიმშილი. ამ დაავადების დროს არ შეიძლება შიმშილი. ეს იცოდა მაგან ძალიან ადრეულ ასაკში, მაგრამ პირველად ასეთი დიაგნოზი დავსვით ვაშინგტონში მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს. ჩვენ ამ დაავადების შესახებ დიდი ხანია ვიცით. როგორც ექიმი გეტყვით, რაც დღეს ვნახე, მისი მდგომარეობა გაუარესდა“, – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე ოპოზიცია ფაქტობრივად ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა საპატიმრო უნდა დატოვოს და ხელისუფლება სრულადაა პასუხისმგებელი მის უსაფრთხოებაზე. ოპოზიციის ეს ნაწილი მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერ აქციაზეც აპირებს მისვლას. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ 14 ოქტომბერს დაანონსებული საპროტესტო აქცია კონკრეტული პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულია და მას არ შეუერთდებიან.

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, საპატიმროში მიხეილ სააკაშვილი კვალიფიციური მედპერსონალის ზედამხედველობის ქვეშაა და დამატებითი სამედიცინო ჩარევა ამ ეტაპისთვის საჭირო არ არის. მისი საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნას კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ განგებ ცდილობს პოლიტიკური ტემპერატურის აწევას.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ საააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მონიტორინგს საპატიმროს მედიკოსები აწარმოებენ. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც ამოწმებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

მიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილი

Send this to a friend