მთავარისაქართველოილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი

ძველად ეს მისაღები დარბაზი ორად იყო გაყოფილი – ქალებისა და მამაკაცების კუთხედ. ყოველ ხუთშაბათს აქ რჩეული საზოგადოება იყრიდა თავს… იყო კითხვა, ლექსები და ლიტერატურა, იყო მსჯელობა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ საკითხებზე, იყო კამათი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა…  მოკლედ აქ, ილიას ცნობილი ხუთშაბათობები იმართებოდა. ეს სახლი მე-19 საუკუნის თბილისის ცხოვრებაზე გვიამბობს.

მისაღები ოთახი Copyright დავით თაბაგარი

ილია ჭავჭავძის მუზეუმის რესტავრაცია, ახლახან დათავრდა. სამუშაოები 4 წელიწადს გრძელდებოდა და შენობამ თითქმის დაიბრუნა 200 წლის წინანდელი სახე.

მისაღებიდან სასადილო ოთახში გადავინაცვლეთ. აქ პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული ოთახის შპალერი და ავეჯი.

„40-იან წლებში ამ სახლის სხვადასხვა ოთახში ოჯახები ცხოვრობდნენ. ამ ოთახის გადარჩენა სწორედ იმ ბინადრების დამსახურება, რომლებიც აქ მოგვინებით დასახლდნენ და აქაურობა ავთენტური სახით შენარჩუნდა“, – განაცხადა მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ.

სასადილო ოთახი Copyright დავით თაბაგარი

…თურმე ამ ოთახში აღნიშნეს გაზეთ „ივერიის“ პირველი ნომრის გამოცემა.

ამავე სახლში მდებარეობდა გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბაც. ნომრის გამოსვლამდე მისი საბოლოო ვერსია ილიას სამუშაო ოთახში იქმნებოდა.

ამ სამუშაო მაგიდის შესახებ იონა მეუნარგია წერდა: „აქ, ამ ვიწრო ქარხანაში დღეს მზადდება აზრი, რომელიც შესაძლოა ხვალ ყველა ქართველისთვის სახელმძღვანელოდ იქცეს“.

რესტავრაციის შემდეგ კაბინეტი პირვანდელ სახეს დაუბრუნდა – ერთი მცირე დეტალის გამოკლებით – დღეს ამ მაგიდაზე სიგარეტის ნამწვით სავსე საფერფლე აღარ დევს.

მუზეუმში დაცულია ილიასა და ოლღას პირადი ნივთები, წერილები, წიგნები, ჟურნალ-გაზეთები.

ოლღა გურამიშვილის პირადი ნივთები Copyright დავით თაბაგარი

„საგამოფენო სივრცეში დაცული ნივთები, გარდა მათი მნიშვნელობისა, სხვადასხვა სენტიმენტებითაც ხასიათდება. მაგალითად, ოლღა გურამიშვილის ფსალმუნი, სათვალე, მარაო სარკე… ილიას ხელჯოხი, საფულე და ა.შ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მე-19 საუკუნის მნიშვნელოვან ისტორიულ სიმბოლოს წარმოადგენს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბეჭედი, რომელიც აქ არის დაცული“, – ამბობს ნინი სანადირაძე.

განახლებული მუზეუმი დამთვალიერებლებს 24 სექტემბრიდან იღებს. ტური სამ – ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა, რაც საშუალებას აძლევს უცხოელ ტურისტებს მეტი შეიტყონ ქართველი საზოგადო მოღვაწისა და ზოგადად, ძველი თბილისის შესახებ.

Copyright დავით თაბაგარი

„შესანიშნავი მუზეუმია. ამასთანავე, იგი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. არის ინგლისური წარწერებიც, რომლის დახმარებითაც ილია ჭავჭავაძის შესახებ მეტი გავიგე.
განსაკუთრებით მომეწონა ამ სახლის იატაკი! ასევე, შენობის მაკეტი, რომლის საშუალებითაც სრული სურათის აღქმა უფრო მარტივია. ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ სახლმა ჩვენამდე ასეთ მდგომარეობაში მოაღწია“, – გვითხრა კანადელმა ტურისტმა სინტია სტიფმა.

სამუზეუმო ტური ჩაბნელებულ ოთახში სრულდება. კედელზე ჩანს ამონარიდები 1907 წლის 31 აგვისტოს გაზეთებიდან:

„საგურამოს გზაზე მოუკლავთ ილია და დაუჭრიათ მისი მეუღლე“.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend