მთავარი აზია ავღანეთი ქაბულში ქალები სამსახურებს კარგავენ

ქაბულში ქალები სამსახურებს კარგავენ

შიშისა თუ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქაბულში ის რესტორნები და კაფეები დაიხურა, რომლებსაც ქალები მართავდნენ. ერთ დროს ცნობილი კაფე „ტაბასუმი“ ახლა ცარიელია. 23 წლის ნიკე ტაბასუმი იძულებული გახდა, კაფე 16 აგვისტოს დაეხურა, სწორედ იმ დროს, როდესაც „თალიბანის“ მებრძოლებმა დედაქალაქი დაიკავეს.

„ჩვენ, ყველანი, ძალიან ვღელავდით, გვეშინოდა. ჩვენი კლიენტები, რომლებიც ძირითადად ქალი სტუდენტები იყვნენ, ვეღარ მოდიოდნენ.  ამ კაფეს ქალები მართავენ. ჩემს თანამშრომლებსაც ძალიან ეშინოდათ, ვერც ისინი ბედავდნენ მოსვლას, ფიქრობდნენ, რომ „თალიბები“ აქ  შემოვიდოდნენ, სცემდნენ და კაფეს გაანადგურებდნენ. სწორედ ამიტომ დავხურეთ“, – ჰყვება კაფე „ტაბასუმის“ მფლობელი, ნიკე ტაბასუმი.

ტაბასუმს სამი უმცროსი და და 6 წლის ძმა ჰყავს. იგი მამას ფინანსურად ეხმარებოდა.
სკოლა ღაზნის პროვინციაში დაამთავრა და ქაბულში ხუთი წლის წინ ჩამოვიდა.

რესტორნის გასახსნელად მან ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან ერთი მილიონი ავღანი ისესხა, რაც დაახლოებით 10 000 ამერიკული დოლარია.

ხუთი წლის განმავლობაში შემოსული თანხით სესხის მთლიანად დაფარვა მოახერხა.
პატარა კაფეში, სადაც ტრადიციულ ავღანურ საჭმელს ამზადებდნენ, 8 ქალი იყო დასაქმებული. ოჯახის წევრები მათ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული.

ტაბასუმის თქმით, დატვირთულ დღეებში იგი 20,000-მდე ავღანს, ანუ 224 ამერიკულ დოლარს შოულობდა. კაფეს დახურვა კი მისთვის, და იმ 8 სხვა ქალისთვის, შემოსავლის ერთადერთი წყაროს დაკარგვას ნიშნავს.

„აქ რომ ვმუშაობდით ამით ჩვენს ოჯახებს უზრუნველვყოფდით. აქ მომუშავე ყველა გოგონა ოჯახის მარჩენალი იყო. სამწუხაროდ,  ახლა კაფე დაკეტილია. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, ვინაიდან შემოსავლის სხვა წყარო არ გაგვაჩნია“, – ამბობს ნიკე ტაბასუმი.

მადინა ღულამი, რომელიც აქ მენეჯერის პოზიციაზე იყო, ახლა უმუშევარია და, ბევრი სხვა ავღანელი ქალის მსგავსად, მთელ დღეებს სახლში ატარებს.

მას შემდეგ, რაც მადინას მამა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა, ორ უმცროს ძმასა და დედაზე ზრუნვა მას დაეკისრა. სამსახურის დაკარგვის გამო იგი გადასახადებს ვეღარ იხდის, მადინა ნებისმიერი სამუშაოსთვის არის მზად, ოღონდ ოჯახი ფინანსურად უზრუნველყოს.

„ავღანეთში ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და თანდათან უფრო უარესდება. თითოეული ჩვენგანი  ნებისმიერ პირობებში იმუშავებდა, თუმცა სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ გვაქვს“, – ამბობს კაფე „ტაბასუმის“ მენეჯერი მადინა ღულამი.

მიუხედავად „თალიბების“ განცხადებისა, რომ ისინი ქალების სამუშაოსა და განათლების უფლებებს პატივს სცემენ, მთავრობის ოფისებში მომუშავე ქალებს მაინც სახლში დარჩენა მოსთხოვეს.

სექტემბრის დასაწყისში “თალიბებმა” ქალების საქმეთა სამინისტრო დახურეს და ის ცხოვრების წესიერი გზისა და გარყვნილების აღკვეთის საქმეთა სამინისტროთი ჩაანაცვლეს.

ამჟამად ამ სამინისტროს ისლამური კანონების აღსრულება ევალება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend