მთავარისაქართველო2 ოქტომბრის არჩევნებს ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში ეხმაურება

2 ოქტომბრის არჩევნებს ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში ეხმაურება

„საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ნათლად გამოხატა სენატორმა რიშმა“, – ასე ეხმაურებიან ოპოზიციაში სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას. მათივე განმარტებით, ნებისმიერ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებას უნდა აღელვებდეს, როგორ აფასებენ არჩევნებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.

„ყველა შეფასება არის უარყოფითი. აშშ-ის მხრიდან, ევროკავშირის მხრიდან, ევროპარლამენტარების მხრიდან – არის მწვავე კრიტიკა წინასაარჩევნო პერიოდის. კერძოდ, ყველგან ხაზგასმულია, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების მასობრივ მოსყიდვის ფაქტებს“, – თქვა „ლელო – საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

„ჩვენ ვისმენთ საერთაშორისო შეფასებებს, ძალიან სამწუხაროა რაც ხდება, ძალიან მძიმე დარღვევებზე მიუთითებდა ეუთო/ოდირის მისია და, შესაბამისად, ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ვფიქრობ, საერთო პოზიცია კარგად გამოხატა სენატორმა რიშმაც“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა ჯიმ რიშმა საქართველოში გამართული 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. მისი თქმით, ეს არჩევნები 2012 წლის არჩევნებთან შედარებით, დაუჯერებლად იმედგამაცრუებელი და დრამატული უკან დახევა იყო. მისივე განმარტებით, საერთაშორისო თანამეგობრობა არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვებას განაგრძობს.

ხელისუფლებაში არ იზიარებენ ჯიმ  რიშის განცხადებას და მიაჩნიათ, რომ 2012 წლის და 2021 წლის არჩევნების ერთმანეთთან შედარება შეუძლებელია.

„როდესაც ადამიანი ერთმანეთს ადარებს 2012 წლის და 2021 წლის არჩევნებს, იმას რა უნდა მოჰკითხო, მე არ ვიცი. ეს არის წარმოუდგენელი რამ. იმ კაცმა არ იცის და თქვენ ხომ იცით, რაც ხდებოდა 2012 წლამდე საქართველოში.  როცა ადარებ 2012 წელს 2021 წელს, ნიშნავს, რომ ან არ გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წელს, ან სხვა რამეშია საქმე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

30 ოქტომბერს ხუთ თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ იქამდე მოაგვარონ ეუთოს მიერ ხაზგასმული პრობლემები, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში ძალადობა და არათანაბარი პირობები იმ პარტიებისთვის, რომლებიც მმართველ პარტიას უპირისპირდებიან.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend