მთავარიარჩევნები 2021საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 73 ოლქში მიმდინარეობს

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 73 ოლქში მიმდინარეობს

დღეს, 2 ოქტომბერს საარჩევნო უბნები 7 საათზე გაიხსნა, რა დროსაც კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები გაიმართა. უშუალოდ ხმის მიცემის პროცესი 8 საათზე დაიწყო.

ამომრჩეველი ხმას 73 საარჩევნო ოლქის 3 743 უბანზე აძლევს, მათ შორის არის 9 პენიტენციური და 70 სპეციალური, ე.წ. კოვიდუბანი.

კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა.

9 საათიდან 19-საათამდე გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობს. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20 საათისა.

ხმის მიცემა 20 საათზე შეწყდება. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს აღრიცხავს და მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აცნობებს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას აღნიშნავს.

ამასთან, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით ცესკოს გაუგზავნოს.

თავის მხრივ, ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა, მათ შორის მისი დაუყოვნებლივ ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებით.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend