მთავარიარჩევნები 2021როგორ აფასებენ წინასაარჩევნო გარემოს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები

როგორ აფასებენ წინასაარჩევნო გარემოს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება.

2021 წლის წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასების დოკუმენტი წარადგინეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, “სამართლიანმა არჩევნებმა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”. მათი განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში, წინა წლების მსგავსად, მთავარ გამოწვევად ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს არსებობა დარჩა.

„5 ივლისის შემდეგ ფაქტობრივად, ყოველდღიური გახდა ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა ჟურნალისტების მისამართით – პრობლემა იყო ის, რომ არ არის დღემდე დასჯილი ყველა დამნაშავე და ორგანიზატორი და, ერთი მხრივ, სამართალდამცავების უმოქმედობა, როდესაც ისინი არ უზრუნველყოფენ უსაფრთხო სამუშაო გარემოს მედიის წარმომადგენლებისთვის და, მეორე მხრივ, ხელისუფლების მხრიდან აგრესიული რიტორიკა მედიის წარმომადგენლების მიმართ კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობას“, – განაცხადა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ გოგოსაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი შემთხვევების არაეფექტიანმა გამოძიებამ. ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, სამსახურიდან წასვლის იძულებისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის შემთხვევები იქცა. რაც, მათი შეფასებით, უმეტესად, საქართველოს რეგიონებში გამოვლინდა.

„ამ არჩევნებზე გაცილებით მეტი კანდიდატი გვყავს ასარჩევი, 2000-ზე მეტი ადამიანია ასარჩევი რეგიონების მიხედვით, მასშტაბიც, თუნდაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კანდიდატებზე ზეწოლის იყო საკმაოდ მაღალი, სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, ვთქვათ, გაიწვიეს თავისი კანდიდატურები და ეს ძალიან თვალში საცემი იყო და ამ არჩევნებზე ყველაზე მეტად თვალში საცემი იყო, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები, როდესაც ადამიანები, რომლებიც საჯარო უწყებებში იყვნენ დასაქმებულნი და მათ შეუქმნეს ისეთი გარემო, რომ ან დაეტოვებინათ სამსახური, ან უშუალოდ გაათავისუფლეს“, – თქვა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.

„რამდენიმე პრობლემატურ საკითხზე გავაკეთებ აქცენტს – ერთი არის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. თქვენ იცით, ჩვენმა ორგანიზაციებმა წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე ანგარიში გამოვაქვეყნეთ ამასთან დაკავშირებით და აქ ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა მიმართულებით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. პირველი არის სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსი, ეს არის ის რესურსი, რომელიც უკავშირდება ისეთი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც დაეხმარება მმართველ პარტიას, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და უპირატეს მდგომარეობაში იმყოფებოდეს“, -აღნიშნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ამ დღეს ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტში, კერძოდ 59 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს აირჩევს. ამომრჩევლები 64 მერსა და საკრებულოების 2 068 წევრს 4 წლის ვადით აირჩევენ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend