მთავარი საქართველო წინასაარჩევნო გარემოს ბოლო შუალედური ანგარიშები გამოქვეყნდა

წინასაარჩევნო გარემოს ბოლო შუალედური ანგარიშები გამოქვეყნდა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღე რჩება.

სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები კი წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ბოლო შუალედურ ანგარიშებს აქვეყნებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ არჩევნების კამპანიის დაფინანსების შუალედური ანგარიში წარადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, 13-მა საარჩევნო სუბიექტმა 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით 11 მილიონ 905 ათასზე მეტი ოდენობის შემოსავალი მიიღო.

ამ თანხის, დაახლოებით, 70% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის.

ამავე კვლევის მიხედვით, მთავარ გამოწვევებად მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ფინანსური უთანასწორობა და პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო შემთხვევების გამოუძიებლობა რჩება.

„თუ კი შევხედავთ ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდს, ვხედავთ, რომ პარტიები ფაქტობრივად არ მუშაობენ ამომრჩევლებთან იმისთვის, რომ მათგან მიიღონ შემოწირულობა. დასავლეთში პრაქტიკა რომ არის, რომ თითოეული ლარიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენთვის თქვენი შემოწირულობა და ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი – აი, ასეთ კამპანიებს დასავლეთის ქვეყნებში ძალიან ბევრი ატარებს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს არ არის პრაქტიკა“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ კი წინასაარჩევნო ჭრილში სოციალური მედიის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ  32 პოლიტიკური პარტიის 318 FACEBOOK გვერდი შეისწავლა და, როგორც აღმოჩნდა, მათგან ყველაზე მეტი გვერდი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. რაც შეეხება საია-ს, მეორე შუალედურ ანგარიშში აღრიცხულია როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების სასარგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვის, აგიტაციაში უკანონო მონაწილეობისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები.

„ოფიციალურად პოლიტიკური პარტიებისა  და კანდიდატების 32 პარტიის 318 გვერდს ვაკვირდებოდით ჩვენ ამ პერიოდის განმავლოაბაში და შეგვიძლია, გითხრათ, რომ ზოგადად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გვერდები სჭარბობდა ყველა გვერდს, მეორე ადგილზე იყო გახარიას პოლიტიკური პარტია, თუმცა მესამე ადგილზე მყოფი „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული გვერდების პოსტები სჭარბობდა ყველა პოლიტიკური პარტიის გვერდების მიერ დასპონსორებულ პოსტებს“, – აღნიშნა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.

„ზოგადად, დაბალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი, რაც შესაძლებელია, დაკავშირებული ყოფილიყო, ასევე იმასთან, რომ დროის მცირე მონაკვეთი იყო მოცემული განაცხადების წარდგენისთვის და ასევე კომისიების დაკომპლექტებასთან მიმართებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის და ეს მცირე ვადების პრობლემა ახალი არ არის“, – თქვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.

წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით საუბრობს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიას განცხადებით, როგორც პირველ სექტემბრამდე, ისე მის შემდეგ, კვლავ აღმოაჩინეს წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის შემთხვევები. კერძოდ, სავარაუდო ზეწოლის, ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტები. მისივე თქმით, კვლავ შეიმჩნეოდა, სავარაუდოდ, დისკრიმინაციულად სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტები.

„მივაწოდეთ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს ხუთი ძალადობრივი ინციდენტისა და ასევე ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ხუთი სავარაუდო შემთხვევის თაობაზე. ამას გარდა, საყურადღებო იყო გავრცელებული ინფორმაცია საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირთა შესახებ პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების მაღალი ალბათობის თაობაზე“, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

ორი ოქტომბრის არჩევნების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც. ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის ორი ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო პერიოდში მიღებული შემოსავლების, გაწეული ხარჯებისა და განხორცილებული ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის შედეგების შესახებ. გაწეული ხარჯების მხრივ, პირველ ადგილზე პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“, მას მოსდევს პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ , შემდეგ კი არის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. რაც შეეხება შემოსავლებს, აქაც ლიდერობს პარტია „ქართული ოცნება“, მეორე ადგილზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს მოსახლეობამ 64 ოლქში მერობის კანდიდატები და საკრებულოს წევრები უნდა აირჩიოს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend