რუსეთში უკვე ზედიზედ ორი დღეა, რაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა რეკორდულად იზრდება. ბოლო 24 საათში რუსეთში 857 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა, ხელისუფლება ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებას ჯერჯერობით არ განიხილავს.
ბოლო კვირების განმავლობაში გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელიც, სექტემბრის შუა რიცხვებიდან დღემდე ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა 18000-დან 22000-მდე გაიზარდა.
როგორც კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, არსებული ციფრები RUSSIA COVID ,,შეშფოთების სერიოზული მიზეზია“, თუმცა ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების დაწესებას არ განიხილავენ.
პანდემიის დაწყებიდან რუსეთში კორონავირუსის 7 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულთა რაოდენობა კი 206,000-ს შეადგენს.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილში ბოლო კვირების განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. სლოვენიაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების მიზეზი ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები და იმ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება გახდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა გაიკეთა.
სლოვენიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინით მოსახლეობის აცრა დროებით შეჩერებულია, იქამდე, სანამ ექსპერტები არ დაადგენენ, რამდენად არის დაკავშირებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 20 წლის ქალის გარდაცვალებასთან.
სლოვენიის დედაქალაქში შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს. დემონსტრანტების დასაშლელად კი პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სლოვენიაში, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურებში სავალდებულოა ვაქცინაციის დამადასტურებელი საშვის ან პსრ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
ახალ ზელანდიაში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალია, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
ამ დროისთვის ახალ ზელანდიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის 64%-ია აცრილი.