მთავარი საქართველო ცხოვრება ვაგონში

ცხოვრება ვაგონში

დალი გუგეშაშვილის ამბავი ონიდან

ონის რაიონის სოფელი ღარი. მთიანი მხარე და ლამაზი ბუნება. ძველი დანგრეული ვაგონი და ქალი, რომელიც ამ ვაგონის მორყეულ იატაკზე დააბიჯებს. სახელდახელოდ შეკოწიწებული რკინის კონსტრუქცია დალი გუგეშაშვილის თავშესაფარია, რომელიც აგერ უკვე 30 წელია მძიმე პირობებში ცხოვრობს. სახლი რაჭის იმ ავად ცნობილი მიწისძვრის დროს დაენგრა 1991 წლის 29 აპრილს. მას შემდეგ, ყველა ხელისუფლებას რაიმე თავშესაფარს სთხოვს, თუმცა სახელმწიფოსგან მხოლოდ უმწეოთა შემწეობას – 120 ლარს იღებს. დალი გუგეშაშვილის ამბის თქვენამდე მოტანაში მედიაპორტალის, „მთის ამბების“ რეპორტიორები დაგვეხმარნენ. დალი ვაგონში ერთ შვილთან ერთად ცხოვრობს. მეორე შვილი თბილისში წამოვიდა. დღიურად თუ რამე გამოჩნდა, ფიზიკურად შრომობს. დალი სახინკლეშიც მუშაობს, მრეცხავად. როცა დასჭირდებათ, მაშინ ეძახიან და მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ 10 ლარს უხდიან.

ეს ვაგონიც დაძველდა, მღრღნელები ამოდიან. მეშინია, ქვეწარმავლებიც არ შემოვიდნენ. სამშენებლო მასალებით მაინც დამეხმარეთ მეთქი. სახლს რომ მიწისძვრა დაგინგრევს, სახელმწიფო რისთვისაა ან მთავრობა, რაღაც დახმარება ხომ უნდა გაგვიწიონ? აქედან ფეხით ჩავდივარ ონში. ერთი საათი ჩასვლა მინდა, ერთი საათი ამოსვლა. ავტობუსი არ დადის, არც “მარშუტკა“. თუ ვინმე გამიყოლებს ხანდახან. ზამთარშიც ეგრე ვიარე. 10 ლარი არაფერია, მაგრამ რა ვქნა? დახმარებას რომ გვაძლევენ 120 ლარს, საკვებში და წამლებში არ გვყოფნის. მერიას ისიც ვთხოვე, იქნებ ჩემი შვილი სადმე დაესაქმებინათ, თვითონაც ეცადა ბიჭი, მაგრამ სამუშაო არ არის“, – ამბობს დალი გუგეშაშვილი.

თავისივე დაწერილ განცხადებებს ვეღარ ითვლის. აღარც ონის რაიკომის მდივნების, გამგებლებისა და მერების ვინაობა ახსოვს, თუმცა მათ ყველას მიმართა წერილით, რომ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში დახმარებოდნენ. ამბობს, რომ არჩევნების დროს პირდებიან ხოლმე საცხოვრებელს, თუმცა არჩევნების შემდეგ, მას და მის შვილს, მხოლოდ გახვრეტილი ვაგონიდან შემოსული ბუნების ხმები ესმით.

„ერთ-ერთ შეხვედრაზე, არჩევნები ჯერ ჩატარებული არ იყო, სოფლის გამგებელს ვუთხარი, ახლა სიტყვით გამოვალ და ყველაფერს ვიტყვი მეთქი ჩემი გაჭირვების შესახებ. მერს უთხრა, იქნებ რამით დავეხმაროთო. იმანაც, ეგ მეც ვიფიქრე, განცხადებით როცა მოგვმართაო, კოტეჯი მივუტანოთო. თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ. ნახეთ, სადმე რამე დგას ჩემს ეზოში? არავისგან არაფერი მიმიღია“, – აღნიშნავს ქალბატონი დალი.

უკვე დაიღალა თავის პრობლემაზე საუბრით და გაუსაძლისი პირობებით,  თუმცა არ ნებდება და გულმოწყალე ადამიანების იმედად აგრძელებს ცხოვრებას. თვლის რომ თავი უნდა გადაირჩინოს  თავისი შვილებისთვის, რომლებსაც ნორმალური ცხოვრებისთვის თავშესაფარი სჭირდებათ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend