მთავარიევროპასაბერძნეთიათენის კიკლადური ხელოვნების მუზეუმში სილამაზის გამოფენა იმართება

ათენის კიკლადური ხელოვნების მუზეუმში სილამაზის გამოფენა იმართება

29 სექტემბერს კიკლადური ხელოვნების მუზეუმში ახალი არქეოლოგიური გამოფენა იხსნება. მასში წარმოდგენილია „კალოსის“ სხვადასხვა ასპექტი.

„კალოსი“ ძველი ბერძნული სიტყვაა, რომელიც სილამაზეს ნიშნავს. გამოფენაზე თავმოყრილია 320 უნიკალური არტეფაქტი საბერძნეთის, იტალიისა და ვატიკანის 52 მუზეუმიდან. ამ გამოფენაზე წარმოდგენილია ქანდაკებები, ვაზები, სარკეები, ძვირფასეულობა, სუნამოს ჭურჭელი, ასევე თიხისა და ლითონის ნაკეთობები.

ზედსართავი სახელი „კალოსი“ მიემართება როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის სახელებს. ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნიდან კი სიტყვამ შეიცვალა თავისი მნიშვნელობა. „კალოსს“ ფიზიკური სილამაზისა და სულის სათნოების შერწყმის გამოსახატავად იყენებდნენ.

კიკლადური ხელოვნების მუზეუმის დირექტორი სანდრა მარინოპულუ აღნიშნავს, რომ გამოფენა იმ კონცეფციით იწყება, რომელიც ყოველთვის არსებობდა და დღესაც აღწერს, თუ რა არის სილამაზე. მისი თქმით, ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნის შემდეგ ფილოსოფოსები ცდილობდნენ, უფრო ფართოდ გაეაზრებინათ სილამაზის მნიშვნელობა. ისინი ფიზიკური გარეგნობის გარდა, სულისა და შინაგანი სილამაზის შესახებაც საუბრობდნენ.

ძირითადი ყურადღება გამახვილებულია „კალოსის“ იმ ასპექტზე, თუ რა წვლილი მიუძღვის საბერძნეთს “სილამაზის” განსაზღვრებაში.

გამოფენაზე ორი ძირითადი მიმართულბაა: ეს არის შემკობა და ზოგადად სილამაზე, რომელიც მოიცავს ათ ქვეგანყოფილებას, რომლებშიც წარმოდგენილია სილამაზის სპეციფიკური ასპექტები. ესენია: არქაული და კლასიკური სილამაზე, ღვთაებრივი არსებისა და თავად ღმერთების სილამაზე, მოკვდავების სილამაზე, სპორტული სილამაზე, გმირული სილამაზე, დემონური სილამაზე და ასევე კოსმეტიკური გალამაზება.

გამოფენის კურატორი ნიკოლაოს სტამპოლიდისი აღნიშნავს, რომ რამდენიც არ უნდა შეამკოთ და შემოსოთ სიტყვებით გამოფენის ეს შედევრები, ისინი დარჩებიან შიშველ ქანდაკებებად, რომლებიც ელოდებიან თითოეულ დამთვალიერებელს, რომ თავიანთი აღქმითა და გრძნობებით შემოსონ ისინი. გამოფენის კურატორის აზრით, ამ გზით ისინი შეძლებენ საკუთარი თავის შეცნობას, გაიაზრებენ არა მხოლოდ იმას, ვინ არიან, არამედ ვინც უნდა, რომ იყვნენ. ისინი  ბოლომდე მიანდობენ თავიანთ სულს ესთეტიკურობას.

გამოფენა 2022 წლის 16 იანვრამდე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend