მთავარიამერიკააშშცნობილი ამერიკელი მუსიკოსი სასამართლომ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი სასამართლომ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო

სუპერ ვარსკვლავი რ. კელი სასამართლომ სექსუალური შევიწროების საქმეზე დამნაშავედ ცნო. ათწლეულების განმავლობაში მომღერალი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას თავს არიდებდა. მას ახალგაზრდა ქალებთან და ბავშვებთან არასათანადო მოპყრობა ედებოდა ბრალად.

27 სექტემბერს გამართულ სასამართლოზე 12-მა ნაფიცმსაჯულმა კელი დამნაშავედ ცნო. ბრალდება ემყარებოდა ჩვენებებს, რომელთა მიხედვითაც მენეჯერებისა და თანაშემწეების დახმარებით, რ. კელი ახალგაზრდა გოგონებს იცნობდა, მორჩილებასა და სიჩუმეში ამყოფებდა და სექსუალურად ძალადობდა. ნაფიც მსაჯულებმა ასევე ნახეს ის ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ ცდილობდა რ. კელი სექსუალური ურთიერთობის დამყარებას ახალგაზრდა გოგონებთან

„დღევანდელი გამამტყუნებელი განაჩენით, რ. კელი საზოგადოების თვალში მუდამ მოძალადე იქნება, მან თავისი სახელი და სტატუსი გამოიყენა, რომ ეძალადა ახალგაზრდა, დაუცველ გოგონებზე სექსუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ეს არის ადამიანი, რომელიც თავისი გარემოცვის დახმარებით, ათწლეულების განმავლობაში არასრულწლოვან გოგონებზე, ბიჭებსა და ქალებზე სექსუალურად ძალადობდა, მათ ექსპლუატაციას უწევდა და ამცირებდა“, – განაცხადა შეერთებული შტატების ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის პროკურორმა ჯაქველინ კასულისმა.

ფართო საზოგადოებისთვის რ. კელის საქმე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დოკუმენტური ფილმების სერია გამოვიდა სახელწოდებით „როგორ გადავურჩით რ. კელის“. ფილმში დაზარალებულები სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ საუბრობენ.
სასამართლოში ბრალდებული რ. კელი ჩუმად იჯდა, მისი ადვოკატი განაჩენით უკმაყოფილოა და მის გასაჩივრებას აპირებს.

„კელი ამ შედეგს არ ელოდა, რადგან წარმოდგენილი სამხილები საკმარისი არ არის. როდესაც ხედავ, რომ სამი სხვადასხვა მოწმე სამ, ოთხ ან თუნდაც ხუთ სხვადასხვა ვერსიას ჰყვება, თუ რა მოხდა, რთულია ამ განაჩენს ელოდო. მათ ის ისტორიები სპეციალურად შეარჩიეს, რომლებიც დოკუმენტური ფილმის ერთგვარი გაგრძელება იქნებოდა. მათ თავისთვის შესანიშნავი ვერსია შეარჩიეს და ამით იხელმძღვანელეს“, – ამბობს რ. კელის ადვოკატი.

რამდენიმე ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დეტალური ჩვენება მისცა, როგორ ასრულებდნენ ისინი კელის პერვერსიულ და სადისტურ მოთხოვნებს. ჩვენების მიცემისას მათ ვინაობა არ გაუმხელიათ, რათა მომღერლის თაყვანისმცემლების მხრიდან შესაძლო შევიწროება აერიდებინათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend