უკვე 15 წელია, 28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს ფრანგი მეცნიერი, ლუი პასტერი გარდაიცვალა, რომელმაც პირველი წარმატებული ცოფის ვაქცინა გამოიგონა.
ამ დღის მიზანია აამაღლოს მოსახლეობაში ცნობიერება ამ ვირუსთან დაკავშირებით, აიცრას ყველა ცხოველი და, 2030 წლამდე, სრულად აღმოიფხვრას ცოფის ვირუსი ადამიანებში.
ეს ვირუსი სრულად პრევენცირებადია, როგორც ცხოველებში, ისე ადამიანებში, თუმცა დაავადების შემთხვევაში, გადარჩენის შანსი 1%-ზე დაბალია. ამისათვის აუცილებელია, ყველა შინაური ცხოველი ყოველწლიურად იყოს აცრილი.
არსებობს მითები როგორც ცოფის ვირუსთან, ისე მის ვაქცინასთან დაკავშირებით, თუმცა, ყველა ვეტერინარი თანხმდება, რომ ცოფის ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა.
„ვირუსის გადაცემის მხოლოდ ერთი მექანიზმი არსებობს, როდესაც დაინფიცირებული ცხოველის ნერწყვი, რომელსაც უკვე კლინიკური ნიშნები აღენიშნება, მოხვდება ორგანიზმში. გალოკვით ვირუსის გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელია, თუ კანი არის დარღვეული. ცოფი დისტანციურად, ჰაერწვეთოვანი გზით არ ვრცელდება“, – განმარტავს ვეტერინარი დავით ნანობაშვილი.
ცოფის პრევენციის ერთადერთი საშუალება ცხოველის ვაქცინაციაა.
იმისათვის, რომ ამ საკითხზე ხალხის ცნობიერება გაიზარდოს, ყოველწლიურად აღინიშნება ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე. წელს ეს ღონისძიება მრგვალ ბაღში გაიმართა, სადაც მსურველებმა თავიანთი ცხოველები მოიყვანეს და ცოფის აცრა უფასოდ გაუკეთეს.
„ისევ არის აქტივობა ცოფის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. მე მახსოვს ძველი წლები, მაშინ გაცილებით მეტი პაციენტი იყო, ასაცრელად რომ მოგვმართავდნენ, მაგრამ ახლა თითქმის ყველა აცრილია. საზოგადოებაში უკვე იმდენად არის ცნობიერება ამაღლებული, რომ ყველა ხვდება, რამდენად აუცილებელია ცხოველის ვაქცინაცია“, – ამბობს საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტი, ლალი ვაშაკიძე.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ცხოველმა დაკბინა, აუცილებელია, მიმართონ ექიმ-რაბიოლოგს, შემდეგ იგი შეაფასებს სიტუაციას და შესაბამისი მკურნალობის რეკომენდაციას გასცემს. ექიმები ასევე მოუწოდებენ ხალხს, დაკბენის შემთხვევაში მათ 15 წუთის განმავლობაში საპნიანი წყლით დაიმუშაონ ჭრილობა.
„საქართველო და სურსათის ეროვნული სააგენტო უერთდება მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების კამპანიას, რაც გულისხმობს იმას, რომ ძალიან მალე, მსოფლიოში ძაღლებიდან ადამიანზე აღარ უნდა იყოს ცოფის გადადების საშიშროება. სააგენტო ყოველწლიურად 300000-მდე ამთვისებელ ცხოველს ცრის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით“, – თქვა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.
უკვე ორი წელია, საქართველოში ადამიანებში არ გამოვლენილა ცოფის ვირუსი. ცხოველებში 2021 წელს 29 ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსით დაინფიცირებული ცხოველებიდან 17 ძაღლი იყო. თუმცა ეს რიცხვი, წინა წელთან შედარებით, 63%-ითაა შემცირებული.