წინა ფშავში, მაღაროსკარის სოფელ ხომში, მრავალშვილიანი ოჯახი ერთ პატარა ქოხში ცხოვრობს. უკვე 30 წელია მათ პატარა ქოხს ხან თოვლი დაშლის, ხან წვიმა დატბორავს და ხანაც ქარი გაიტაცებს თუნუქისა და შიფერის ნაჭრებით აწყობილ სახურავს. მათი ერთადერთი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა, რომელიც სამშენებლო მასალების შესაძენად არ ჰყოფნით. ფშავის რთული კლიმატური პირობების გამო, ზამთარში განსაკუთრებით უჭირთ თავის გატანა. ჭიკაიძეების ოჯახის ამბების გაგებაში მედიაპორტალის, „მთის ამბების“ რეპორტიორები დაგვეხმარნენ.
9 წლის გიას, 7 წლის ალიკას, 5 წლის მარიამსა და 3 წლის დათუას სახლი არასდროს ჰქონიათ. მიწაზე ცხოვრობენ, პატარა ქოხში. ქოხს გარშემო ცელოფანი აკრავს. ეს ცელოფანი და თუნუქის ძველი ნაჭრები სახურავის ნაცვლად, ოჯახს წვიმისა და თოვლისგან ვერაფრით იცავს. ჭიკაიძეების სახლი მაღაროსკარის სოფელ ხომში, მიწისძვრამ დაანგრია. მას შემდეგ ოჯახის ერთადერთი ოცნება სახლია… ისეთი სახლი, რომლის სახურავსაც ქარი ვერ წაიღებს.
„ჩვენთვის ფულის შენახვა ძალიან ძნელია. მარტო დახმარების ფულით სახლი ვერ ავაშენეთ. შეშა გვინდა ზამთარში, საქონელს თივა უნდა. ამის გამო ჩემი ქმარი სამუშაოდ ვეღარ გადიოდა. ამ წელს გავიდა, იქნებ რაღაცა ვიყიდოთო. იქნებ ბლოკი მაინც ვიყიდოთ და მომავალ წელს დავამატოთო. იქნებ ბლოკის ფული მაინც შევაგროვოთ. ერთი-ორი ოთახი გვინდა, სამზარეულოს ჩათვლით – სამი. ასე ვაპირებთ და არ ვიცი, ღმერთის ნებაა“ – ამბობს შორენა ჭიკაიძე.
ჭიკაიძეების ოჯახი უსახლკაროდ 30 წლის წინ დარჩა. ქოხიც მაშინ ააშენეს, და მას შემდეგ იქ ცხოვრობენ. ქოხი ერთხელ უკვე დაეშალათ, როგორღაც ისევ შეაკოწიწეს და 80 წლის ეთერ ანთაური ისევ იმედის ამარა ცხოვრობს.
„დარჩა და დარჩა სახლი ოცნებად… ჩვენი ცხოვრება წავიდა. ვეღარ შევძელით, რომ წესიერი ცხოვრება გვქონდეს. სიბერის დროს ვიძახი, ნეტა სახლი იყოს, რომ წესიერად მაინც ვიყო-მეთქი. მაგრამ რა… არაფერი“, – ამბობს ეთერ ანთაური.
მაღაროსკარის ერთადერთი სკოლა გიას, ალიკას, მარიამისა და დათუას ქოხიდან 18 კილომეტრშია. ბაღში არასდროს უვლიათ. დედას სჯერა, რომ მათ კარგი ცხოვრება ექნებათ. ახლა მთავარია სახლი ჰქონდეთ….
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამათ ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეთ. ჩემი შვილებით ვარსებობ, ვცხოვრობ. თუ რამეს ვაკეთებ, ამათ გულისთვის ვაკეთებ. თითოეული მათგანი მინდოდა და გავაჩინე. გავზარდე სიყვარულით. იმედია, ღმერთი კარგ მომავალს მისცემს და კარგი ცხოვრება ექნებათ. მეამაყებიან…“, – შორენა ჭიკაიძე.
ნანუკა მეშველაშვილი