მთავარისაქართველოჯარისკაცებზე ფიქრი...

ჯარისკაცებზე ფიქრი…

თბილისიდან - ფლორიდამდე

2008 წელი, 11 აგვისტო… ახსოვს როგორ მიიღეს ბრძანება, სოფელი ყელქცეული უნდა დაეტოვებინათ, შინდისის გავლით. მირზა მალაზონია შტაბის სატრანსპორტო კოლონას ედგა სათავეში, როდესაც შინდისის რკინიგზის სადგურზე, ლიანდაგებიდან ამოსული რუსული საბრძოლო მანქანა დაინახა. ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს… პირველი გასროლა მიზანს ასცდა, თუმცა მეორე გასროლის შედეგად ყუმბარა პირდაპირ მისი მანქანის ქვეშ აფეთქდა.

დაჭრილმა ლიანდაგის პირას ოთხი დღე და ღამე გაატარა, შემდეგ ის ბადრი ხუციშვილმა იპოვა, შინდისის მკვიდრმა. ბადრის ზედმეტსახელად ახმეტას ეძახიან, მან შინდისში დაჭრილი არაერთი ჯარისკაცი გაიყვანა სამშვიდობოს და სიკვდილს გადაარჩინა, მათ შორის მირზაც.

„მყესები დაწყვეტილი მქონდა ხელს ვერ ვხმარობდი, ეს ფეხი მთლიანად დაცხრილული მაქვს. ტანში 300-მდე ნატეხი მაქვს, დღემდე ზუსტად ვერც ვითვლი, მე კი არა, ექიმებიც ვერ ითვლიან“, — ამბობს მირზა.

ამის შემდეგ იყო არაერთი ოპერაცია და რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი, თუმცა სასურველი შედეგის გარეშე.

„რთულდებოდა და რთულდებოდა ტრავმა, ფეხით გადაადგილება შეუძლებელი გახდა, იძულებული  ვიყავი რომ მანქანით წავსულიყავი ან ყავარჯნით მევლო, ბოლოს უკვე სიგიჟემდე გამივიდა ტკივილი, აბსოლუტურად არაფერი არ მიყუჩდება. ბოლო ის იყო, რომ დეპარტამენტში მივედი და ვითხოვე, რაღაც მიშველეთ, თორემ ცუდად არის საქმე-მეთქი“, — ამბობს ის.

შემდეგ შეიტყო, რომ ოპერაცია, შესაძლოა, ავსტრიაში გაკეთებულიყო. ასეც მოხდა, საბუთების მოგვარების, კვლევების დასრულებისა და ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ, რამდენიმე დღეში, ტკივილი აღარ აწუხებდა.

ოპერაციიდან მესამე დღეს ექიმმა უთხრა, რომ დერეფანში უნდა გაევლო, კიბეებიც აიარ-ჩაიარა, ტკივილის გარეშე. მომდევნო დღეს კი, ხუთ საათზე, ექიმისგან მოისმინა, რომ სახლში წასვლის დრო იყო, სიარული უკვე შეგიძლიაო.

„მე ასე ვთვლი, რომ ღმერთის საჩუქარია ეს ჩვენთვის. ის ხალხი ღმერთმა გაახარა, არ ვიცი, ვინ არიან, სახეზეც არ ვიცნობ, მადლობა მინდა ვუთხრა, ვინც აფინანსებს ჩვენს ოპერაციებს და ადამიანებს მეორე სიცოცხლეს აძლევს. ეს დაჭრილთა ფონდი კი არა, ვფიქრობ, უფრო, სიცოცხლის ფონდია. მეტი სასწაული არ არსებობს, რა დგას ჯანმრთელობაზე წინ, მითხარით”, — ამბობს მირზა.

მირზა მალაზონიას საქართველოს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დაეხმარა. ასეთი ფონდები ბევრ ქვეყანაში არსებობს და ისინი იმისათვის შეიქმნა, რომ მირზასნაირ ჯარისკაცებს დაეხმარონ საქართველოში იქნება ეს თუ ამერიკაში. ისინი მათ ეხმარებიან ფინანსურად და ფსიქოლოგიურად,  საგანგებოდ მათთვის აწყობენ სპორტულ ასპარეზობებსა და სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიებებს.

წელს ქართული და ამერიკული ფონდების წარმომადგენლები და ფართო საზოგადოება ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში შეიკრიბნენ. ამერიკული კომპანიის, „Silk Road Wines-ის“ ორგანიზებით 11 სექტემბერს დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერი საქველმოქმედო გალა ვახშამი გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ამერიკული ფონდის „Tunnel to Towers Foundation-ისა“ და ქართული „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერას. ფონდი დაფუძნებულია სილქნეტის მიერ 2018 წელს.

დიდ დარბაზში ნელ-ნელა იკრიბებოდა ხალხი… ამერიკელებმა იციან თავიანთი ჯარისკაცების მხარდაჭერა

„შტატები ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, სადაც დაჭრილ მეომრებზე ერთად ზრუნავს მთავრობა, ბიზნესი და სამოქალაქო საზოგადოება. ამერიკელ პარტნიორებს ქართველი მეომრების დახმარება განსაკუთრებით ეამაყებათ“, — აცხადებს დავით ბაქრაძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ამ საქველმოქმედო ვახშამზე შეკრებილი შემოწირულობის ნაწილი ქართული ფონდის საქმიანობას მოხმარდება, და შესაბამისად, ამერიკელ მეგობრებთან ერთად, ქართულმა კომპანიებმაც გაიღეს თანხა დაჭრილი ჯარისკაცების დასახმარებლად. „სილქნეტის“, „წინანდლის მამულის ღვინოებისა“  და „Silk Hospitality-ს“ მიერ გაწეული  ქველმოქმედება იყო სიმბოლური მხარდაჭერა საქართველოდან. ამერიკული მხრიდან კი უმსხვილესმა ბიზნესკომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა.

“მიზეზი, რატომაც მინდოდა ქართველ დაჭრილ ჯარისკაცებს დავხმარებოდი ის არის, რაც მათ ჩვენთვის გააკეთეს. იმისათვის რომ ჩვენს ქვეყნებში სიმშვიდე შეენარჩუნებინათ. ჩვენი კომპანიის სახელი „სილქ როუდ ვაინსი” საქართველოდან მოდის, ვიცი, რომ იქ ღვინო თქვენი რელიგიაა, უბრალოდ მიყვარს და სიამოვნებით ვმართავ კამპანიას ქართველი დაჭრილი სამხედროების დასახმარებლად.  ისინი არაერთხელ იდგნენ ჩვენ გვერდით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, — აცხადებს „Silk Road Wine-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბარი გრირი.

“ეს ღონისძიება აჩვენებს, რამდენად ერთიანია საზოგადოება ქველმოქმედების დროს. ყველაზე მნიშვნელოვანია არასოდეს დაგვავიწყდეს ის ადამიანები, ვინც მათი სიცოცხლე რისკის წინაში დააყენა ჩვენთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის“, — ამბობს „Silk Road Wine-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იანიკ არაკელოვი.

საქველმოქმედო ვახშამზე ფლორიდაში დაჭრილ მეომართა ფონდის ქართული წარმომადგენლობაც იმყოფებოდა.

„დაჭრილ ჯარისკაცებს საქართველოში ამ ეტაპზე ერთადერთი საქველმოქმედო ფონდი ეხმარება, მათი მიზანი ქველმოქმედებისთვის მაქსიმალურად მეტი ადამიანის გაერთიანებაა. ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 3000მდე დაჭრილი მეომარი ცხოვრობს“, — აცხადებს დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის თანადამფუძნებელი პაატა პატიაშვილი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველ ჯარისკაცებსაც ელოდნენ.  ამ ვიზიტს კარგა ხანს ამზადებდნენ ამერიკელი კოლეგები, მაგრამ მათი მოგზაურობა კოვიდპანდემიამ შეაფერხა.

„ამ ვახშამზე 30 ქართველ მეომარს უნდა მიეღო მონაწილეობა. უბრალოდ კოვიდის გამო ვერ ჩავიდნენ. მაგრამ ფაქტია, რომ რა შემოწირულობაც იქნება ამ დღეს, ეს განაწილდება ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს შორის, რომლებიც მხარდამხარ იბრძოდნენ ავღანეთში და სხვა ცხელ წერტილებში. მე მგონია, რომ ეს ძალიან კარგი ფაქტია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამერიკაში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა დაჭრილი მეომრების მხარდაჭერას და ძალიან დიდი თანხები გროვდება. ძალიან კარგია, რომ ეს საქმე ერთობლივად კეთდება. მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ჩართულობა იყოს, როგორც ბიზნესის მხრიდან, ასევე საზოგადოების მხრიდან. ძალიან დიდი თანხები არ არის აუცილებელი. ზოგმა შეიძლება ერთი ლარი შესწიროს და ზოგმა კი 1000. ამას მნიშვნელობა არ აქვს… თუმცა, რა თქმა უნდა, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, კონკრეტულ საქმეს, თავდაცვის სამინისტროსთან ტანდემში, რაც გრძელდება და მე მგონია, რომ ეს კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს და უფრო მეტად პოპულარული გახდეს საზოგადოებაში“, — აცხადებს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი.

დიდი სამეჯლისო დარბაზში ერთმანეთს ცვლიდნენ გამომსვლელები… ისინი გულითად მადლიერებას გამოხატავდნენ მათ მიმართ, ვინც მშვიდობის დაცვას შეეწირა და ვინც ბრძოლის ველზე მძიმედ დაიჭრა. ის ვინც ფლორიდაში პირადად  ჩასვლას ვერ ახერხებდა, თავის წილ მადლიერებას შემოწირულობისა და ვიდეომისალმების სახით აგზავნიდა გალა-ვახშამზე.

სცენასთან დამონტაჟებულ ეკრანზე ცნობილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია გამოჩნდა:

„მინდა ჩემი ურყევი მხარდაჭერა გაგიზიაროთ დაჭრილ მეომართა ფონდისა და ორგანიზაცია „Tunnel to Towers Foundation-ის“ მიმართ, ამ ორი საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ გაწეული სამსახური ფასდაუდებელია მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. დაჭრილ მეომართა ფონდი საქართველოში პირველია, რომელიც დაჭრილ ჯარისკაცებს, ჯარისკაც ქალებსა და ვეტერანებს უწევს დახმარებას. ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე თავისუფლებისა და მშვიდობისათვის ბრძოლას დაუკავშირა“, — ამბობს „NBA-ის“ ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია.

ამერიკაში, საქველმოქმედო ვახშამზე მისვლა პატივია. პანდემიის მიუხედავად დარბაზი სრულად გაივსო და ყველა სტუმარი გამოხატავდა სურვილსა და მზადყოფნას, რომ ამერიკელ და ქართველ ჯარისკაცებს დახმარებოდა. ორგანიზატორთა, დამსწრეთა და მონაწილე კომპანიების გულუხვობით მართლაც საკმაო თანხა შეგროვდა. ამ დახმარებას ახლა ამერიკაშიც იგრძნობენ და საქართველოშიც.

იგრძნობენ ომში დაშავებული რომელიმე  ჯონი და რუთი, იგრძნობენ მირზა მალაზონია და მისი მეგობრები…

დავით კეკენაძე;
ლევან ჩუგოშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend