ამერიკის შეერთებული შტატები ვაქცინის კიდევ 500 მილიონ დოზას გადასცემს განვითარებად ქვეყნებს, როგორც ეს რამდენიმე თვის წინ გააკეთა. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალური ასამბლეის ვირტუალურ შეხვედრაზე განაცხადა. ბაიდენის თქმით, იმისათვის, რომ პანდემია დამარცხდეს, მსოფლიოს ყველა წერტილში უნდა მოგვარდეს პრობლემა, ამისათვის კი აშშ მზადაა, გახდეს ვაქცინის მიმწოდებელი ქვეყანა.
ჯანმოს შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობის 70%-ის აცრისთვის საჭიროა დაახლოებით 11 მილიარდი დოზა. მათი მიზანია, 2021 წლის ბოლომდე თითოეული ქვეყნის მოსახლეობის 40% იყოს აცრილი.
აშშ-ის ხელისუფლებამ უკვე მეორეჯერ გადაწყვიტა „ფაიზერისა და ბიონტექისგან“ 500 მილიონი დოზის შეძენა. პირველად თეთრმა სახლმა ღარიბი ქვეყნებისთვის ნახევარი მილიარდი დოზის გადაცემის შესახებ ივნისში განაცხადა. ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთი იყო საქართველო, რომელმაც ივლისში ამერიკისგან ნახევარი მილიონი დოზა მიიღო.
ვაქცინების არასამართლიან გადანაწილებაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა რამდენიმე თვეა საუბრობს. ჯანმოს პროგრამა „კოვაქსის“ მიზანია, თანაბრად გადანაწილდეს ვაქცინების დოზები. პროგრამის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დონაციით მიღებული ვაქცინები მცირე რაოდენობით შემოდის, ვაქცინების ვადის გასვლამდე კი ცოტა დრო რჩება. ამიტომაც 2021 წლამდე დაგეგმილი გადანაწილება შეიძლება ვერ მოესწროს. ჯანმოს ინფორმაციით, მდიდარი ქვეყნები ინახავენ ზედმეტი რაოდენობის ვაქცინას, რომელთაც ვადა მალე გასდის.
საერთაშორისო არასამათავრობო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ კოვიდ19-ის ვაქცინების 6 მწარმოებელს აკრიტიკებს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ისინი ქმნიან უპრეცედენტო კრიზისს და უგულებელყოფენ ადამიანის უფლებებს იმით, რომ არ აზიარებენ ვაქცინის შექმნის ტექნოლოგიებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ადანაშაულებს კომპანიებს „ფაიზერს“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“, „ჯონსონ ანდ ჯონსონს“ იმაში, რომ ეს კომპანიები „მდიდარი ქვეყნების სასარგებლოდ“ მუშაობენ.