გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიოს ლიდერები სიტყვით გამოსვლას განაგრძობენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 76-ე გენერალურ ასამბლეაზე ისაუბრა კლიმატის ცვლილებების, გარემოს დაცვის, ყირიმის ანექსიისა და პანდემიით გამოწვეული პრობლემების შესახებ. მან გამოსვლა კიევის ოლქში მომხდარ ინციდენტზე საუბრით დაიწყო.
“გუშინდელ ამბავზე მინდა უფრო დეტალურად გესაუბროთ. გამთენიისას, 3 საათზე, ათეულობით სატელეფონო ზარი შემოვიდა. თავს დაესხნენ ჩემს თანაშემწესა და მძღოლს, 12 გასროლილი ტყვიიდან 3 მძღოლს მოხვდა. ეს არის ცვლილებების, რეფორმის პასუხი. საბედნიეროდ, მძღოლისა და სერგეი შეფირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გაეროს გენერალური ასამბლეაზე ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს. მათი საუბრის მთავარი თემა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია იყო. მეზობელი ქვეყნის ლიდერი ასევე შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვედრისას რუსეთის მიერ არაკანონიერად დაკავებული აქტივისტების, კერძოდ, ყირიმელი თათრების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.
პრეზიდენტებმა ასევე, მნიშვნელოვანი ეკონომიკური თემები და საზღვაო სფეროში სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ამასთანავე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მნიშვნელოვან საკითხად რჩება ჩინეთის მზარდი ძალაუფლება და უსაფრთხოების საკითხები. მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ერთობლივი უსაფრთხოების პაქტი, რომელიც ინდო-წყნარ ოკეანეში ბირთვული ნავების განლაგებას გულისხმობს. როგორც საფრანგეთის სპიკერმა განაცხადა, მნიშვნელოვანია საფრანგეთისა და ამერიკის პრეზიდენტების დისკუსია.
,,შემდეგი ნაბიჯები უკავშირდება მთავარ დისკუსიას, რომელიც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გაიმართება, გაკეთდება დამატებითი განმარტებები ახალი კონტრაქტის შესახებ, რომელიც ავსტრალიაში წყალქვეშა ნავების განთავსებას გულისხმობს“, – განაცხადა საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა გაბრიელ ატალიმ.
ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი შეხვედრა ოქტომბერში გაიმართება.