მაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში სამი პარტია ლიდერობს. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი არმინ ლაშეტი საბაზრო ეკონომიკის ეფექტიანად მართვასა და მის პარიზის კლიმატის ხელშეკრულებასთან თანხმობაში მოყვანას აპირებს. სოციალური პლატფორმის ფარგლებში, იგი 2025 წლისთვის ერთ ნახევარი მილიონი ახალი სახლის აშენებას, გადასახადებისა და ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე გეგმავს.
პარტია ასევე ე.წ „სოლიდარობის დამატებითი გადასახადის“ გაუქმებას გეგმავს, რის შედეგადაც მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებს შეუმცირდებათ ხარჯი.
მთავარი განსხვავება ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასა და სოციალ-დემოკრატებს შორის სახელმწიფოს როლია. სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი და ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი იმიგრაციაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს. მას ასევე მინიმალური ხელფასის საათში 12 ევრომდე გაზრდა სურს. შოლცის თქმით, იგი ბიუჯეტის დაგეგმვას ევროკავშირის კონსტიტუციის მიხედვით აპირებს. კონსერვატორი კრიტიკოსების თქმით, სოციალ-დემოკრატები ევროპული სოლიდარობის მექანიზმს კიდევ უფრო მეტად გაააქტიურებენ, რის შედეგადაც ევროპა კვლავ ვალში დარჩება.
მწვანეთა პარტიაში მიიჩნევენ, რომ ინტერნეტთან წვდომა და გაციფრულება პირდაპირ კავშირშია დემოკრატიულ პროცესში ჩართულობასთან. მათი პროგრამა ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა ორიენტირებული, რომელიც ვალის აღებით უნდა დაფინანსდეს. პარტიის კანდიდატ ანალენა ბერბოკს სურს, რომ გერმანიამ უფრო მალე შეამციროს ქვანახშირის გადამუშავება ელექტროენერგიის მიღების მიზნით და გზებზე მხოლოდ გამონაბოლქვის არმქონე მანქანები დაუშვას.
მომავალ მთავრობას დიდი ალბათობით ქრისტიან-დემოკრატები ან სოციალ-დემოკრატები უხელმძღვანელებენ. თუმცა, ამისთვის მათ ორ სხვა პარტიასთან კოალიციაში შესვლა დასჭირდებათ. ექსპერტების თქმით, ყველაზე სავარაუდო კოალიცია სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა და თავისუფალი დემოკრატების პარტიას შორის შეიქმნება. თავისუფალი დემოკრატების პარტიის ლიდერი ქრისტიან ლინდნერი შესაძლებელია გერმანიის მომავალი ფინანსთა მინისტრი გახდეს. კოალიციაში ვერ მოხვდება ულტრა-მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“, რომელსაც ყველა სხვა პარტიამ ვეტო დაადო.